16 ივლისიდან ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ამერიკული ბრენდი Baskin Robbins დაიწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათაო ოფისში Baskin Robbins Georgia-ს დამფუძნებელმა ნოდარ ყანჩაველმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ მოაწერეს.
კომპანია, რომელიც ნაყინების ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს ფლობს, საქართველოს ბაზარზე 2 თვის წინ შემოვიდა და დედაქალაქის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევა.
Baskin Robbins კაფეტერია ქუთაისის განახლებული ტერმინალის გაფრენის დარბაზში, საერთო სივრცეში განთავსდება და მისი დაგემოვნება აეროპორტის მგზავრების გარდა, ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Baskin Robbins-ის კვების ობიექტში 30 მდე სახეობის ნაყინი, ცივი და ცხელი სასმელები, სალათები, სენდვიჩები, ნამცხვრები და სხვა წასახემსებელი საკვებიც გაიყიდება.
,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენს აეროპორტში განახლების შემდეგ პირველი საერთაშორისო ბრენდი შემოგვყავს. საქართველოს ბაზარზე ახალშემოსული კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში ფლობს ობიექტებს. ამიტომ კიდევ უფრო გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ერთობლივი წარმატებული მუშაობის შედეგად, რეგიონებებში ქსელის გაფართოება Baskin Robbins-სმა სწორედ ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტით დაიწყო. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს მგზავრებზე და უახლოეს მომავალში მათ ახალი სერვისებისა და შეთავაზებების კუთხით კიდევ ბევრ სიახლეს ვპირდებით“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
ამერიკული ბრენდი “ბასკინ რობინსი”1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. დღეისათვის მისი ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 8000 კაფეს მოიცავს. აქედან მხოლოდ ამერიკაში 2500 ფილიალს ფლობს. ჯამში ბრენდი 51 ქვეყანაში ოპერირებს.
დღესდღეობით კომპანიაში უკვე 1300 მდე გემოს ნაყინი იწარმოება. მათ შორის ვეგანური. „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტეინს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.