ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტიდან ავიაკომპანია “აკ-ეარის” მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდი L 410-ი დაეშვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მესტიასა და ქუთაისს შორის რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების მონიტორინგის მენეჯერის, მარიამ ბახუტაშვილის განცხადებით, მოთხოვნიდან და საჰაერო ხომალდის დატვირთულობიდან გამომდინარე, რეისების რაოდენობა შესაძლოა ეტაპობრივად გაიზარდოს.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წლებია საქართველოში მოქმედ ადგილობრივ აეროპორტებში ადმინისტრირებას უწევს ქვეყნის შიგნით ავიარეისების შესრულებას. პანდემიის დაწყებისას, გარკვეული პერიოდი შეჩერდა, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ფრენების შესრულება, თუმცა ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ აღგვედგინა რეისები, მათ შორის მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით.
დღეიდან კი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დატვირთვის პარალელურად, ჩვენ განვაახლეთ რეგულარული ავიამიმოსვლა მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებითაც. ეს მიმართულება აქტიურად სრულდებოდა პანდემიამდე და პოპულარული იყო როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებში“,-განაცხადა მარიამ ბახუტაშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, პანდემიის პირობებში, მესტიიდან პირველი ადგილობრივი რეისის მგზავრებს ქუთაისის განახლებული აეროპორტის ახალი გასასვლელი – ე.წ. გეითი მოემსახურა, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ფრენებისთვის არის განკუთვნილი.
მათი განმარტებით, პირველი რეისის მგზავრებს, რომელთა უმეტესობა უცხოელები იყვნენ, ტრადიულად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
,,დღეს შევასრულეთ მესტიიდან ქუთაისში რეისი. ეს იყო ჩემ მიერ შესრულებული პირველი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ამინდში ძალიან გაგვიმართლა. ფრენისას ულამაზესი ხედი გვქონდა მთებზე. ქუთაისი არის დიდი საერთაშორისო აეროპორტი, გაცილებით მარტივი და უსაფრთხოა ჩვენთვის აქ დაშვება. საფრენი პირობები კარგი იყო. მესტიიდან ქუთაისამდე ფრენას დაახლოებით 30 წუთამდე მოვუნდით“,- განაცხადა ავიაკომპანია „აკ-ეარის“ მფრინავმა მარკეტა კოუშალოვამ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მესტია-ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება უცვლელი, 50 ლარი რჩება. მათივე განმარტებით, 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. 0-3 წლამდე ჩვილების მგზავრობა კი უფასოა.