“11 ივლისს, მზიურის პარკში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მეორე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, მისი მთავარი თემა, სპორტი იქნება, რაც დიდ სახალხო დღესასწაულს ნიშნავს”,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, წიგნის ფლიმარკეტზე ახალი და მეორეული წიგნები გაიყიდება. ასევე გაიყიდება წიგნის თემატიკის სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები, სპორტული ინვენტარი, ფლიმარკეტზე ფანშოპით წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც.
“როგორც იცით, ამ დღეს ორი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა: უიმბლდონის ტურნირის ფინალური დაპირისპირება და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალი. ორივე შეხვედრის ტრანსლაციას დიდ ეკრანზე განვახორციელებთ, რაც ნიშნავს, რომ ფლიმარკეტის სტუმრებს მივცემთ საშუალებას, მთელი დღის განმავლობაში ისიამოვნონ წიგნებით, სპორტული დაპირისპირებითა და ბუნებაში ყოფნით. ფლიმარკეტის სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ თავიანთ საყვარელ სპორტსმენებს და მწერლებს, რომლებთან ერთადაც ფინალის ყურებასაც შეძლებენ და ისაუბრებენ ლიტერატურასა და სხვა მათთვის საინტერესო თემებზე.
ასევე, შეთანხმებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ჩართვა სწორედ ჩვენი ფლიმარკეტიდან განხორციელდება, რაც იქაურობას ქვეყნის ერთგვარ ეპიცენტრად აქცევს. მზიურის პარკი უკვე იქცა ჩვენი თანაქალაქელებისთვის საყვარელ ადგილად, იქაურობის წიგნიერებისა და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირება კი ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია”,- განაცხადა კალაძემ.