კომპანია „ალიანსმა“ ვარკეთილი-3-ში სპორტული ცენტრის მშენებლობა დროულად ვერ დაასრულა, რის გამოც თბილისის მერია ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება იყო, რომ შექმნილიყო ისეთი სივრცეები, სადაც ერთად თავს მოიყრიდა საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, საჭიდაო დარბაზები, ფიტნეს ზონა, საცურაო აუზი, მედიათეკა, კაფე, სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებოდათ დასვენება, მეცადინეობა, კითხვა.
„მულტიფუნქციური კომპლექსები არის ძალიან კარგი მიგნება, რომ ერთ სივრცეში თავმოყრილია ყველა ეს შესაძლებლობა. ერთ-ერთ ობიექტზე შეიქმნა გარკვეული პრობლემები კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან, (სამწუხაროა, რომ არსებობენ ასეთი კომპანიები) კერძოდ, 2019 წლის 17 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ალიანსს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ვარკეთილი-3-ში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების თაობაზე.
სამუშაოების განხორციელების ვადად განისაზღვრა 610 კალენდარული დღე – დასრულების თარიღი 2021 წლის 17 ივნისი. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში წარმართვის მიზნით, კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა სრული ღირებულების 25%, 2 989 996 ლარი, რათა მოეხდინათ მობილიზება და წინასწარ გაეკეთებინათ შეკვეთა. პანდემიის დროს გამოცხადებული მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად კომპანია სარგებლობდა ყველა შეღავათით და დახმარებით მუნიციპალიტეტის მხრიდან, თუმცა, ამის მიუხედავად, კომპანიამ ვერ შეძლო დროულად ეწარმოებინა სამუშაოები.
გარდა ამისა, ობიექტზე მუდმივად ფიქსირდებოდა მუშახელის და მასალების სიმცირე. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ რამდენჯერმე მიიღო სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, ასევე, არაერთხელ გამოვიყენეთ საჯარიმო სანქცია. დღეის მდგომარეობით, იმის ნაცვლად, რომ სამუშაოები დასრულებული იყოს, ათვისებულია სამუშაოების ღირებულების 27.9%, (3 296 503 ლარი). ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერია მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობას და ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას. დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად პარალელურად ვმუშაობთ ახალი ტენდერის გამოცხადებაზე და აუცილებლად გაგრძელდება ობიექტის მშენებლობა.