კალაძე: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისთვის 33,700 მლნ ლარი გამოიყოფა

292

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ყველა თაობისთვის ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, არის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დეკორატიული ოთახების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრებისა და შენობის ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები. გარდა ამისა, დაგეგმილია საინჟინრო ქსელების მოწესრიგება, საყრდენი კედლის გამაგრება და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები; ინტერიერში ოთახებისა და სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად გათვალისწინებულია მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები; დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაცია, ეზოსა და სასახლის ისტორიული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 33 700 000 ლარს შეადგენს, ხოლო მისი დასრულების ვადაა 2023 წლის მესამე კვარტალი.