ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყება.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი შესარჩევი კომისიის წევრმა, საიას თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გასაუბრების პროცესი ხვალ უნდა დასრულდეს და შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს წარედგინოს.
“წარმოდგენილი იყო 11 განაცხადი ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველების, აქედან 8 გადავიდა გასაუბრებაზე, სამს უარი ეთქვა იმის გამო, რომ გაურკვეველი საბუთები ჰქონდათ შემოტანილი, ძირითადად, არაქართულ ენაზე შედგენილი. ამ 8 კანდიდატიდან 2-ის დოკუმენტაცია ხარვეზიანია და მათ გამოსასწორებლად ვადა 12:00 საათამდე აქვთ მოცემული.
რაც შეეხება ცესკოს წევრობის კანდიდატებს, 17 განაცხადი შემოვიდა, აქედან ერთს ეთქვა უარი იმის გამო, რომ განაცხადს არანაირი საბუთი არ ერთვოდა. 16 გადავიდა გასაუბრებაზე. ამ 16-დან ერთთან მიმართებით არის ხარვეზი და ველოდებით რომ აღმოიფხვრას. გასაუბრება იქნება დღეს და ხვალ, დღის განმავლობაში და გასაუბრების დროს შევამოწმებთ მათ პროფესიონალიზმს, მაღალ პროფესიულ სანდოობას, დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და კეთილსინდისიერებას. როდესაც ვსაუბრობთ მაღალპროფესიულ სანდოობაზე, ეს უნდა შევაფასოთ მათი განვლილი საქმიანობის მიხედვით. დიდი მნიშვნელობა ექნება იმასაც, როგორ წარმოაჩენს კანდიდატი თავს გასაუბრებაზე. მაქსიმუმ ხვალ უნდა მიიღოს კომისიამ გადაწყვეტილება და წარვუდგონით პრეზიდენტს. აქედან არაუგვიანეს სამ დღეში პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება წარუდგინოს თუ არა ჩვენს მიერ გადაგზავნილი კანდიდატები საქართველოს პარლამენტს. თითო ვაკანტური თანამდებობაზე პრეზიდენტი ორ კანდიდატს წარადგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პარლამენტი მიიღებს”,- განაცხადა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება 1 ივლისს გამოსცა. 1 ივლისიდან თანამდებობა დატოვა ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.