7 ივლისს, „ჯივიპი“ თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ბაგების სატუმბო სადგურში ახალი ტუმბო-აგრეგატების დამონტაჟებას იწყებს.
„ჯივიპის“ ინფორმაციით, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში 7 ივლისს საღამოს 22:00 საათიდან დაიწყება და 8 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება. შედეგად, ბაგების სატუმბო სადგურს ორი ახალი ტუმბო-აგრეგატი დაემატება, რაც წყნეთში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში სტაბილურ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
„სამუშაოების მიმდინარეობის დროს აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცვლა, რის გამოც, 7 ივლისს 22:00 საათიდან 8 ივლისის 23:55 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში – ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის ნაწილს, ქავთარაძის და ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს, თავხელიძის და მარიჯანის ქუჩებს; ნაფეტვრების გზას.
ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, ჩოლოყაშვილის, ციციშვილის ქუჩებს, დოლიძის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის, უნივერსიტეტის და მიმდებარე ქუჩებს. წყნეთის გზატკეცილს და ბაგების დასახლებას.
კაკლების დასახლებას, ქორქიას, მაჩაბელის, თბილისის, მშვიდობის, უჩანეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით თბილისის ზედა ზონებს – წყნეთს, წავკისს, წავკისის ველს, ტაბახმელას, შინდისს, კიკეთს, კოჯორს. ბეთანიას, ახალდაბასა და კვესეთს წყალმომარაგება შეეზღუდება 7 ივლისს 22:00 საათიდან 9 ივლისის დილის 08:00 საათამდე.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოები შესაძლებელს გახდის თბილისის ზედა ზონებში მოსახლეობამ, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მეტი რაოდენობის წყალი მიიღოს”, – ნათქვამია განცხადებაში.