საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 2022 წლისთვის გამოფენების გრაფიკის შედგენას იწყებს

538

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფი – შალვა ამირანაშვილის საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 2022 წლისთვის საგამოფენო პროექტების განსახორციელებლად განაცხადების მიღებას დღეიდან, 6 ივლისიდან იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ, ეს იქნება გამჭვირვალე და მხატვრებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი.

„მოცემული ინიციატივა მინისტრმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნულ გალერეაში გამართულ ღონისძიებაზე გააცნო მხატვრებს. მინისტრმა ეროვნული გალერეიდან მხატვრებს მიმართა და აცნობა, რომ მათი მრავალწლიანი თხოვნა დაკმაყოფილებულია და ე.წ. ცისფერი გალერეა მხატვრებს უბრუნდება. გალერეაში კვლავ იქნება შესაძლებელი როგორც ცნობილი მხატვრების, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების გამოფენების მოწყობა.

დღეს ეროვნული გალერეისა (სივრცე 1, სივრცე 2, სივრცე 3, სივრცე 4, სივრცე 5, სივრცე 6, სივრცე 7) და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კარი იღება როგორც ცნობილი, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრებისთვის და იწყება 2022 წლისათვის გამოფენების გრაფიკის შედგენა. გამოფენის პროცედურებსა და პირობებთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

აღნიშნულ მუზეუმებში გამოფენის მოწყობის მიზნით პროექტის წარმოდგენის საშუალება აქვს თავად ავტორს, ავტორთა ჯგუფს, პროექტის კურატორსა და ორგანიზაციას. გამოფენის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს (არ ვრცელდება საერთაშორისო გამოფენებზე).
განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: გამოფენის მხატვრული, ისტორიული ან შემეცნებითი მნიშვნელობა; გამოფენის კონცეფციის ორიგინალურობა და კრეატიულობა; ავტორის ჩანაფიქრის სათანადოდ აღქმისა და შეფასების უნარის განვითარება მაღალი მხატვრული ღირებულების ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნაწარმოებთა ეფექტურად, ორიგინალურად ექსპონირების მეშვეობით; ფართო აუდიტორიის ინტერესების დაკმაყოფილება.

პრიორიტეტი მიენიჭება რეტროსპექტულ გამოფენებს; პერსონალურ და ჯგუფურ კონცეპტუალურ გამოფენებს; საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებისა და კერძო კოლექციების ექსპონატთა გამოფენებს; სხვა მუზეუმებსა და ინსტიტუციებთან ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის შედეგად მომზადებულ გამოფენებს და საკურატორო გამოფენებს.

არ განიხილება გამოფენის პროექტი, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, ასევე, რელიგიური/კონფესიური დოქტრინის მხარდასაჭერად.

საგამოფენო განაცხადი განსახილველად წარედგინება საგამოფენო კომისიას. თუ საგამოფენო კომისია მიიჩნევს, რომ შემოსული განაცხადი აკმაყოფილებს კონკურსის ინტერესებსა და პრიორიტეტებს საგანმანათლებლო, ასევე თანამედროვე ხელოვნების წახალისებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული გალერეა უზრუნველყოფს ბეჭდური და ციფრული სახის პროდუქციის (კატალოგი, ბანერი, საინფორმაციო პანელი, ვიდეორგოლი და სხვ.) სრულად ან ნაწილობრივ დამზადებას.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 6 ივლისიდან 2021 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად – exhibition@museum.ge ან მატერიალური სახით მისამართზე: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ 11.

სატელეფონო კონსულტაციის გავლა შესაძლებელია სამუშაო საათები: სამშაბათი-კვირა 10:00-17:30 საათებში, შემდეგ ნომრებზე: 599253823, 577784944, 593478164.

დამატებითი ინფორმაცია სააპლიკაციო ფორმის, პირობებისა და სხვა პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.