სახელმწიფო შპს „მექანიზატორის“ პრივატიზებას რამდენიმე მოდელით გეგმავს – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, დღეისთვის კომპანიის აქტივებს სამხარაულის ეროვნული ბიურო აფასებს და პროცესის დასრულების შემდეგ კომპანიის გასხვისების მოდელი შეირჩევა. ლევან დავითაშვილი „მექანიზოტორის“ საქმიანობას არაეფექტურად აფასებს და განმარტავს, რომ კომპანია კერძო საკუთრების პირობებში ბევრად ეფექტიანი იქნება.
„მიმდინარე წელს „მექანიზატორში“ მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია მოვახდინეთ. კომპანია მხოლოდ მექანიზაციის სერვისებს არ მოიცავს, მათ შორის ჯიშთა გამოცდის ოპერაციებიც ხდება და ა.შ. სამხარაულის ეროვნული ბიუროს მეშვეობით ხდება გამიჯვნა და მიმდინარეობს კომპანიის აქტივების დეტალური შეფასება, ინვენტარიზაცია. აუქციონები არ გაგვიჩერებია”,- აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ხელისუფლებას ექნება მცდელობა, კომპანია ერთიანად გაყიდოს, თუმცა, სახელმწიფო დაიტოვებს რამდენიმე მიმართულებას, როგორიცაა მაგალითად სხვადასხვა ჯიშის გამოცდა.
“პრივატიზებისას გვექნება როგორც კომპანიის ერთიანი შეთავაზების, ასევე კონკრეტული რეგიონული ბლოკებისა და ტექნიკის ინდივიდუალური პრივატიზების ოფციებიც. საბოლოო მიზანი განსახელმწიფოებრიობაა, ანუ რეალურად არსებული მექანიზაცია, რომელიც სახელწმიფოს გააჩნია, კერძო ხელში უნდა გადავიდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ის ვაკუუმი, რომელიც სექტორში მექანიზაციის დეფიციტის გამო არსებობს, უნდა ამოვავსოთ.
„მიზნად დავისახეთ, რომ 10-წლიან პერსპექტივაში მექანიზაციის დეფიციტს დიდწილად ამოვავსებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში ვიღაცას გაუჩნდეს ილუზია, რომ ჩვენ სასოფლო ტექნიკით თვითკმარი ვიქნებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი დინამიკა გვაქვს.
სახელწმიფოს რამდენიმე წლის განმავლობაში კერძო სექტორის მხარდაჭერას მოახდენს, რომ თანამედროვე ტექნიკაზე წვდომა ჰქონდეთ“, – განმარტა მინისტრმა ფერმერებისთვის ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების ახალი პროგრამის შესახებ საუბრისას.
ცნობისთვის: სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ჯერ კიდევ 2019 წელს აცხადებდა, რომ 2 წელიწადში სახელმწიფო “მექანიზატორის” ზარალიანი აქტივისგან გათავისუფლდებოდა.
შპს “მექანიზატორი” 2009 წელს შეიქმნა. მის საკუთრებაში ათობით ტრაქტორია. საწარმოს მთავარი დანიშნულება აგრარული სექტორის ტექნიკითა და მექანიზაციით მომსახურებაა. კომპანიის დაფუძნების იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რადგან საქართველოში მიწის მესაკუთრეების უმეტესობას მიწის მცირე ნაკვეთები აქვთ სარგებლობაში და მსხვილი ტექნიკის შეძენის რესურსები არ გააჩნიათ, საქართველოს ხელისუფლებას შეექმნა მსხვილი კომპანია, რომელსაც სხვადასხვა რეგიონში ექნებოდა განთავსებული მექანიზაცია. ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამით, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობდა ხელს, მეორე მხრივ კი, თავად კომპანიაც, მომგებიანი იქნებოდა. როგორც ირკვევა, კომპანია მომგებიანობისგან შორს არის და მის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, მთლიანი ხარჯების მხოლოდ ნახევარს ფარავს. 2018 წელს კომპანიის შემოსავალი 33.4 მილიონი ლარი, ხარჯები კი 64.6 მილიონი ლარი იყო, რის გამოც წლიურმა ზარალმა 31.2 მილიონი ლარი შეადგინა.