ხუციშვილი: 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება

466

2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების წარდგენისას. მისი თქმით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში:

• COVID-19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები იზრდება 446,0 მლნ ლარით;

• ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75,0 მლნ ლარი;

• დევნილთა სახლებით უზრუნველყოფაზე დამატებით მიიმართება 35,0 მლნ ლარი;

• სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 177,0 მლნ ლარით;

• ეკონომიკის მწარმოებლური სექტორების ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებულია 55,0 მლნ ლარი;

• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით მიიმართება 220,0 მლნ ლარი;

• განათლების დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება 30,0 მლნ ლარით;

• დამატებითი 30,0 მლნ ლარია გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროს, რაც აუცილებელია ჩვენს მიერ დაწყებული პროექტების შეუფერხებლად განსახორციელებლად.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პროექტი ხვალ წარედგინება საქართველოს პარლამენტს, სადაც განხორციელდება თითოეული მიმართულების დეტალური განხილვა.