შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც განადგურების პირასაა. სოფელ ჩიქუნეთში, მალაყმაძეების ოჯახში აღმოჩენილ ღვინის მარანს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ადგილობრივები, შესაბამის სამსახურს, ძეგლის რესტავრირების თხოვნით მიმართავს. რას პასუხობენ ძეგლთა დაცვის სააგენტოში მალაყმაძეებს? ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
„ილიას მარანს” კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წლიდან მიენიჭა. წინაპრების დანატოვარს მალაყმაძეების ოჯახი საგულდაგულოდ უვლის. ამირან მალაყმაძის მამა გარდაცვალებამდე ღვინოს სწორედ ამ მარანში აწარმოებდა. შემდეგ უკვე თავად შვილმაც გადაწყვიტა, რომ ტრადიცია არ დაეკარგა, თუმცა, მარნის სიძველე ამის საშუალებას აღარ აძლევს.
ამირან მალაყმაძე გვიყვება, რომ ადგილი ტურისტებისთვის მიმზიდველია და ხშირად სტუმრობენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვიზიტორები, მაგრამ დამთვალიერებლებს მარნის შიდა ტერიტორიაზე, მათივე უსაფრთხოების გამო, ვერ უშვებს. შესაძლოა ძეგლი ნებისმიერ წამს ჩამოიშალოს და ფატალური შედეგი დადგეს. ეზოში აღმოჩენილია რამდენიმე ანტიკვარული ქვევრი.
ამირან მალაყმაძე გვიყვება, რომ ადგილს ილიას მარანი სწორედ იმიტომ დაერქვა, რომ ოჯახში ეს სახელიც მემკვიდრეობითია. მიუხედავად იმისა, რომ ძველ მარანში იგი ღვინის წარმოებას ვერ ახერხებს, სტუმრად მოსულ ვიზიტორებს იშვიათი ყურძნის ჯიშებისგან მიღებულ ღვინოს სთავაზობს. ოჯახის სათხოვარი მხოლოდ შუა საუკუნეების დროინდელი მარნის აღდგენა და ღვინის წარმოების კულტურის გაგრძელებაა.
ოჯახი გვიყვება, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ძეგლის რესტავრაციის დაპირება არა ერთხელ მიიღეს, თუმცა, უშედეგოდ. მალაყმაძეები შიშობენ, რომ უყურადღებობის გამო, შესაძლოა, ძეგლი სბაოლოდ ჩამოიშალოს და განაგურდეს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ ძეგლს რესტავრაცია ესაჭიროება. ამბობენ იმასაც, რომ მისი შეკეთება იგეგმება, თუმცა, როდის არ გვიკონკრეტებენ.
ილიას მარნის ნახვა შეუძლია ყველას. ათი საუკუნის ძეგლი, ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთში მდებარეობს.