მოშლილი ინფრასტრუქტურა, დაუცველი ჰიგიენური ნორმები და ანტისანიტარია. გიყვებით პრობლემაზე, რომელსაც ყურადღებას წლებია არავინ აქცევს. ბათუმის ძველი ავტოსადგური კატასტროფულ მდგომარეობაში. პასუხისმგებლობას კი ყველა გაურბის. უკმაყოფილო მგზავრები, მომხმარებლები და თვითდასაქმებულები. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
უსახური ავტოსადგური წლებია ტურისტული ქალაქის უცვლელი რეალობაა. პირველი, რაც აქ შესვლისას მგზავრს თვალში მოხვდება, დაუცველი ჰიგიენურ-სანიტარული ნორმებია. იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურა სრულად მოშლილია, აქ დასაქმებულებს სისუფთავის დაცვა უჭირთ.
მოუწესრიგებელია მიმდებარე ტერიტორიაც, თუმცა, უკეთესი მდგომარეობა არც შენობის შიდა პერიმეტრზეა. წვიმიან ამინდში აქ წყალი ჩადის, ხოლო სხვა შემთხვევაში უსიამოვნო სუნი იგრძნობა. თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ ავტოსადგური ტურისტული ქალაქისთვის შეუსაბამოა და ქალაქის სტუმრებს შემოსვლის სურვილიც ეკარგებათ.
ამორტიზებული, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ანტისანიტარია, თვითდასაქმებულების შემოსავლებზეც აისახება. ეს მომხმარებლების სიმცირეს განაპირობებს. ამბობენ, რომ მსგავს გარეში წლებია მუშაობენ და მათთვის უცხო არ არის. იმასაც აღნიშნავენ, რომ რეალობის შესაცვლელად ავტოსადგურის ადმინისტრაციის მცდელობა საკმარისი არ არის.
რატომ არ ზრუნავს ავტოსადგურის ადმინისტრაცია შენობის მოწესრიგებაზე და რამდენად შესაფერისია ტურისტული ქალაქისთვის მსგავსი პირობების შეთავაზება? ადმინისტრაციის თანამშომლები ადგილზე არ დაგხვდნენ, შესაბამისად კითხვა, პასუხგაუცემელი დარჩა.
ბათუმის ავტოსადგური კერძო მფლობელობაშია, მისი 10 %-იანი წილი კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. აქ სიტყვიერად განმარტეს, რომ სამინისტრო ბათუმის ძველი ავტოსადგურის 30%-იანი წილის მფლობელია და ნებისმიერი გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო შეთანხმების საფუძველზე ხდება.
რა ბედი ელის სამომავლოდ ავტოსადგურს ან დაინტერესებულია თუ არა უწყება ინვესტორის მოძიებით? კითხვაზე პასუხი არც სამინისტროში გაგვცეს.