„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ – გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი სარწყავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის 10-წლიანი პროგრამით, 2030 წლის ბოლოს, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 227 000 ჰექტარზე მეტი, ხოლო დამშრალი ფართობი – 74 000 ჰექტარზე მეტი იქნება.
„ფაქტობრივად, მიტოვებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე შეუძლებელი იყო სოფლის მეურნეობის განვითარება, მით უმეტეს თანამედროვე, ორგანიზებული სოფლის მეურნეობის განვითარება, პროდუქტიულობაზე საუბარი და ჩვენ, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებით, სიტუაცია შევცვალეთ.
2012 წლიდან 2021 წლამდე გასარწყავიანებული ფართობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოს გეოგრაფიული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში ჭარბტენიანობის პრობლემის გადასაწყვეტად, დრენაჟი აუცილებელია. აქ კიდევ უფრო ამბიციური იქნება ჩვენი მუშაობა; მეტი ყურადღება იქნება სახელმწიფოს მხრიდან გამახვილებული და დრენირებული და წყალუზრუნველყოფილი ფართობი, ჯამში, 300 ათასი ჰექტარამდე გვექნება. ეს არის მაქსიმუმი, რასაც ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია და ტერიტორიები გვაძლევს, სადაც მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოება უნდა შევძლოთ. დიდი და მცირე კავკასიონი და მთიანი ტერიტორიების გამოკლებით, მცირე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახნავი ტერიტორიები, რაც საქართველოს დაბლობშია მოქცეული მთლიანად უნდა იყოს მელიორირებული. ეს არის ამბიციური გეგმა, რომელსაც ქვეყანა 2030 წლისთვის აუცილებლად მიაღწევს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
გამართული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის გაზრდის და ათვისების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
ინფორმაციისთვის: 2012-2020 წლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 430 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა; შედეგად, ქვეყანაში, 200 ათას ჰექტრამდე მელიორირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია; წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობები 3-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს (2012 წელს წყალუზრუნველყოფილი იყო, დაახლოებით, 45 ათას ჰექტარამდე, დრენირებული ფართობი – 14 ათასი ჰექტარი). დღეისათვის, წყალი მიეწოდება ათეულობით ისეთ სოფელს, სადაც 2-3 ათეული წელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ მორწყულა.
მიმდინარე წელს, სახელმწიფოს და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით, 80 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.