საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამა დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ცხადდება პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო მექანიზაციის სხვადასხვა თანადაფინანსების პროცენტით უზრუნველყოფას მოიცავს.
„პროგრამის ღირებულება სახელმწიფოს მხრიდან 50 მილიონი ლარი იქნება. ეს მოგვცემს საშუალებას, მასში ჩაერთოს ჩვენი რამდენიმე ათასი თანამოქალაქე და ფერმერი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამას დაახლოებით 6 ათასამდე ბენეფიციარი ეყოლება და თითო სოფელზე საშუალო გადანაწილებით 2 ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მაინც გაჩნდება. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მოვახდენთ დაახლოებით 120 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მობილიზებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში. ეს იქნება ერთი წლის განმავლობაში უპრეცედენტო ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არა სახელმწიფოს მიერ შეძენილი ტექნიკის კუთხით, არამედ ინვესტიცია, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტული ფერმერების, ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებაზე და ისინი შესაბამისად აირჩევენ იმ ტექნიკას, რომელიც მათთვის უფრო შესაბამისია და გამოიყენებენ მათთვის საჭირო მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.