საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ თამარ ჟვანიას გადადგომამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის ამაღლებას

511

მიგვაჩნია, რომ თამარ ჟვანიას გადადგომამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის ამაღლებას, – ამის შესახებ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ თამარ ჟვანიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თანამდებობის დატოვა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის ამაღლებას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებამ, კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულმა დისბალანსებმა და მათზე რეაგირების ნაკლოვანმა პრაქტიკამ, აგრეთვე, საარჩევნო დავების არასათანადოდ განხილვამ მნიშვნელოვნად შეამცირა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილების საჭიროება, რაც ცესკოს წევრების მაღალი ლეგიტიმაციის საფუძველზე შერჩევას გულისხმობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, აუცილებელია ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და სხვა პროფესიული წევრების ვაკანტურ პოზიციებზე ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც გაზრდიან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას, რითაც საარჩევნო რეფორმის ეფექტურ იმპლემენტაციას შეეწყობა ხელი.

„ამასთან, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და მიუკერძოებელი კანდიდატურების შერჩევა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს შორის მაქსიმალური კონსენსუსის საფუძველზე მოხდეს.

აუცილებელია, რომ განსაკუთრებით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი წარიმართოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ. მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა სწორედ საარჩევნო კომისიების მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ არსებულ საზოგადოებრივ ნდობაზე იქნება დამოკიდებული. ამ გზით ქვეყანა თავიდან აიცილებს ისეთ პოლიტიკურ კრიზისს, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგ ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA); „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI), „ღია საზოგადოების ფონდი“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჟვანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც ჟვანია აღნიშნავს, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.