ცესკო-ს სპიკერი: ველოდებით ცესკო-ს ახალ თავმჯდომარეს და კომისიის ახალ წევრებს, რომ შემოდგომაზე შევძლოთ და ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები

355

ველოდებით ცესკო-ს ახალ თავმჯდომარეს, ველოდებით კომისიის ახალ წევრებს, რომ შემოდგომაზე შევძლოთ და ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში,- ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.

„როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონმა თამარმა საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზე ატვირთა გადადგომის შესახებ განცხადება. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო ადმინისტრაცია ქალბატონ თამარს უხდის მადლობას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მან გასწია ამ 8 წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში იყო არაერთი სირთულე და გამოწვევა, რომელიც შევძელით და გადავლახეთ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ გამძლეობისთვის და თმენისთვის, რაც მან ბოლო თვეების განმავლობაში გადაიტანა.

როგორც უკვე იცით, ის უბრუნდება საერთაშორისო პოზიციას და აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციაში. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ის არის ძალიან მძლავრი, ძლიერი და გამართული ინსტიტუცია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად აირჩევა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე. ჩვენ ველოდებით მას, ველოდებით კომისიის ახალ წევრებს, რომ შემოდგომაზე შევძლოთ და ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ უფლებამოსილების შესრულებას 1 ივლისიდან აღარ გააგრძელებს.

როგორც ჟვანია აღნიშნავს, არ მიდის პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე.

„ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას”, – ნათქვმია თამარ ჟვანიას განცხადებაში.