”მრავალეროვანმა საქართველომ“ „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს ოლქის პარტიულ სიაში დარღვევა აღმოაჩინა

1503

”მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს ოლქის პარტიულ სიაში დარღვევა აღმოაჩინა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”მრავალეროვანი საქართველოდან” აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ”მრავალეროვანი საქართველოს” გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცის თანახმად, თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით, რეგისტრირებულია შალვა მეგულაშვილი, რომელიც არის 19 წლის ( დაბადებული 11.10.1997წ).

„საქართველოს კანონმდებლობით კი დადგენილია პასიური ამომრჩევლის კრიტერიუმები, რასაც ზემოთ ხსენებული პიროვნება არ აკმაყოფილებს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ”მრავალეროვანმა საქართველომ” მიმართა კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად თერთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას და აცნობა ამის თაობაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას. საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო” ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: ინტერპრესნიუსი