პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.
უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.
ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.
რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის კვორუმის გაზრდის საკითხს, გენერალური პროკურორის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩევის შესაძლებლობა მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტს შეეძლება. თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, ასეთ შემთხვევაში, მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებენ. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება.
კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში 91 დეპუტატის ხელმოწერით დაინიცირდა. პროექტს “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: “მოქალაქეების”, “გირჩის”, “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ლელოს“ წარმომადგენლები.