გახარჯული მილიონების მიუხედავად კახეთში სასმელი წყლის დეფიციტია

458

კახეთში სასმელი წყლის დეფიციტია. მოსახლეობა წყალს დღეების განმავლობაში ვეღარ იღებს.
თელავის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში სასმელი წყლის უკვე ათდღიან უქონლობასაც უჩივიან. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.

” ათი დღეა, სოფელ კურდღელაურში, სულხანიშვილის ქუჩაზე წყალი არ მოსულა. არც არავინ პატრონი გვყავს. გაუსაძლისი ვითარებაა. რომ ჰკითხო, სულ რაღაცას არემონტებენ, ახლა საერთოდ, ტელეფონის ნომრები აქვთ დაბლოკილი, იმისათვის, რომ არ გვიპასუხონ. სად წავიდა დაპირებული 24 საათიანი მომარაგება? ” – განაცხადა რადიო ჰერეთთან სულხანიშვილის ქუჩის ერთ- ერთმა მცხოვრებმა.

რადიო ჰერეთმა გაარკვია, რომ ზაფხულის სეზონის დადგომისას თელავში, სასმელი წყლით მომარაგების პრობლემები კიდევ რამდენიმე დასახლებასა და ქუჩას აქვს.

წყლის მიწოდების გრაფიკი შეიცვალა გურჯაანშიც. სასმელი წყლის 24 საათიანი მომარაგებიდან, მოსახლეობა საათობრივ გრაფიკზე გადაიყვანეს.

” დილით მოვა, მერე შეწყდება. საღამოს მოვა და ასე 10- 11 საათამდე გვაქვს. 24 საათიანი მომარაგება გვქონდა. როცა გააკეთეს და ფული დახარჯეს, მხოლოდ. ზამთარი ითვლებოდა? ყველაზე მეტად წყალი ზაფხულში გვჭირდება,”- აცხადებს გურჯაანში მცხოვრები მოქალაქე.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი, ჯონი ოსიაშვილი განმარტავს, რომ ზაფხულის სეზონზე წყლის მოხმარების ზრდამ, გარკვეული დეფიციტი მართლაც გამოიწვია.

” ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მოსახლეობას წყალი მივაწოდოთ. მაგალითად, კურდღელაურის. მიმართულებით, ჩავდგით რეზერვუარი და ალბათ ორი- სამი დღე დაგვჭირდება კიდევ. რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, გრაფიკი დავადგინეთ და წყალს ყველა იღებს ამ გრაფიკის მიხედვით. რაც შეეხება გურჯაანს, აქ მოხმარება ძალიან გაზრდილია. ჯერ დაზუსტებული გრაფიკი დადგენილი არ არის, მაგრამ ამ ორ დღეში გვეცოდინება საათების რაოდენობა”, – განაცხადა ოსიაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თვლიან, რომ სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხებით ჩინოვნიკები სარგებლობენ.

” ქართული ოცნების პირველი დაპირება, 24 საათიანი წყალმომარაგება იყო. ეს განცხადება, ჯერ კიდევ წლების წინ, ყოფილმა გუბერნატორმა შიოლაშვილმა გააკეთა. ახლა ის 400 ჰექტარი მიწის მფლობელია. სად მიდის გამოყოფილი მილიონები,საზოგადოებამ განსაჯოს. თელავი ტურისტული ქალაქია, რომელი ტურისტი მოვა აქ, წყალი თუ არ იქნება? ფაქტია, წარსულში დავბრუნდით, შევარდნაძის პერიოდი მახსენდება, როცა ყველაფერი შეზღუდული გვქონდა და წყალი ამგვარად მოგვეწოდებოდა,”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნიკა ვარდოშვილმა.

თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების,მათ შორის 24 საათიანი მოწოდებისთვის, თანხები რამდენჯერმე გამოიყო.

მხოლოდ 2020 წელს, წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის, 11 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო. 7 მილიონამდე თანხა თელავისათვის აზიის განვითარების ბანკმაც გამოყო.

გურჯაანის წყალსადენის სიტემის რეაბილიტაციისათვის, ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, 3 277 824 ლარი დაიხარჯა.