ხმალაძე: ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურისთვის შემუშავდა ეკონომიკურად გამართული მოდელი, რომელშიც ბიზნესსექტორი ერთვება

341

თბილისის ანძის განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამოვლენილი კომპანია უკვე საკვლევ სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურისთვის შემუშავდა ეკონომიკურად გამართული მოდელი, რომელშიც ბიზნეს სექტორი ერთვება და სხვადასხვა პროექტები მეტწილად კერძო ინვესტიციებით ხორციელდება.

„ერთ-ერთია თბილისის გარე განათების პროექტი, რომელიც ჩვენ თვითონ შევიმუშავეთ და შევადგინეთ გარე განათების სტანდარტი. ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და კერძო კომპანიების მეშვეობით განხორციელდება გარე განათების განახლების 100-მილიონიანი პროექტი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, თბილისის გარე განათების სექტორს დაახლოებით 70-პროცენტიანი ეკონომიის რესურსი გააჩნია.

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება.

„გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება, მოიზიდოს თანხები, თავისივე თანხებით განახორციელოს ეს პროექტი და შემდეგ, ის თანხა, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვიხდით ელექტროენერგიის მოხმარებაში, მიმართული იქნება ამ კომპანიაში. ეს საინტერესო მოდელია და პირველი ქალაქი არ ვართ, რომელიც ანალოგიურ პროექტს ახორციელებს. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი პროექტები განხორციელდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა ასევე ისაუბრა რადიოქალაქის განვითარების პროექტზე. მისი თქმით, ამ პროექტმა ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა გამოიწვია.

„იმის გამო, რომ ჩვენ შევძელით ამ პროექტის სწორი ეკონომიკური მოდელირება, ეს პროექტი გავყიდეთ და ბიუჯეტმა მიიღო 23 მლნ ლარი, ხოლო ამ პროექტის განხორციელება მოხდება მოზიდული კერძო ინვესტიციით, რომელიც იქნება დაახლოებით 8 მლნ დოლარი. ბიუჯეტს არათუ რაიმე თანხა დაუჯდა ეს პროექტი, არამედ, პრივატიზაციის გზით ბიუჯეტში შემოსავლები 23 მლნ ლარით გაიზარდა“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განცხადებით, ასევე ხორციელდება გადასასვლელი ხიდების პროექტი.

მისივე თქმით, იქ, სადაც შესაძლებელია ასეთი ხიდების ზებრა გადასასვლელებით ჩანაცვლება, ნაცვლდება, ხოლო იქ, სადაც ჩქაროსნული მაგისტრალებია, ხორციელდება ხიდების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.

ირაკლი ხმალაძემ ასევე ისაუბრა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების პროექტზე, რომლის ფარგლებშიც 17 სამშენებლო პროექტი ხორციელდება და 125 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული.