დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის მიმართულებით, 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშს აცნობს.
ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების მიერ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება სწორი მართვისა და მენეჯმენტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
„უკვე მეექვსე კვირაა, რაც საზოგადოებას ვაბარებთ ანგარიშს იმ პროექტებთან და საქმეებთან დაკავშირებით, რაც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. 2017 წელს საზოგადოებას დავპირდით, თუ რა პროექტები იქნებოდა განხორციელებული. მთელი ამ წლების განმავლობაში, ვიყავით ძალიან აქტიური, ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა საზოგადოებასთან, თუმცა, რადგან ოქტომბერში ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება, ვალდებულად ვთვლით თავს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, ყველა იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რაც ქალაქის მასშტაბით ჩატარდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, 2017 წელს მუნიციპალიტეტის მერიის სლოგანი იყო – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავდა.