კახა კალაძე: პროექტების მხოლოდ ზედაპირულად განხორციელება და რაღაცის ფასადურად გაკეთება ჩვენთვის მიუღებელია

223

„პროექტების მხოლოდ ზედაპირულად განხორციელება და რაღაცის ფასადურად გაკეთება ჩვენთვის მიუღებელია. შევთანხმდით, რომ სადაც შევდივართ, ინფრასტრუქტურული სამუშაოს თვალსაზრისით, გვინდა, ყველაფერი ძირფესვიანად მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორცილებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მრავალი უბნისთვის, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე სისტემა.

„თბილისის ძალიან ბევრ რაიონში, კონკრეტულ უბნებში გვაქვს სერიოზული პრობლემები ინფრასტრუქტურის მიმართულებით – არ არსებობს არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა… გარდა იმისა, რომ ამ კონკრეტულ უბნებშია ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელი, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ცენტრალურ რაიონებში, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ვატარებთ, ჩამოვყალიბდით ერთ რამეზე: პროექტების მხოლოდ ზედაპირულად განხორციელება და რაღაცის ფასადურად გაკეთება ჩვენთვის მიუღებელია. შევთანხმდით, რომ სადაც შევდივართ, ინფრასტრუქტურული სამუშაოს თვალსაზრისით, გვინდა, ყველაფერი ძირფესვიანად მოვაწესრიგოთ. კომუნიკაციები, საკანალიზაციო ქსელი, სანიაღვრე სისტემა, წყლის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც ჰაერშია გადაკიდებული, ყველაფერი მიწის ქვემოთ უნდა ჩავიტანოთ და განვაახლოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.