ამბროლაურში ბრატისლავა – რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, დღეს, სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ტროტუარები, გაზონები, გარე განათება, სანიაღვრე სისტემა, გარკვეული ადგილები მოპირკეთდება ქვაფენილით, გამწვანდება ტერიტორიის ნაწილი და განხორციელდება სხვა დამატებითი სამუშაოები.
სამუშაოებს ამხანაგობა „როიალბილდი“ ახორციელებს. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 4 300 000-მდე ლარს შეადგენს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.