რომელმა პარტიებმა შეარჩიეს ახალციხის მერობის კანდიდატები

408

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვე რჩება. პოლიტიკური პარტიების ნაწილს სასურველი კანდიდატი ახალციხეში უკვე შერჩეული ჰყავს, ნაწილი კი ჯერ კიდევ მსჯელობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„სამხრეთის კარიბჭე“ 5 პოლიტიკურ პარტიას ესაუბრა. მათგან სამს მერობის კანდიდატზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

კოალიცია „ეროვნული ფრონტის“ სახელით ახალციხის მერობის კანდიდატი, სავარაუდოდ, ზაზა ხატიაშვილი იქნება. „80 %-ით ეს იქნება ზაზა ხატიაშვილი“, – გვითხრეს კოალიციაში.

„კოალიცია „ეროვნული ფრონტის“ გაერთიანებაში შედიან: „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება“, „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა, „ქართული არჩევანი“ და „სოციალური სამართლიანობისთვის“.

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზურა ჩილინგარაშვილის თქმით, კანდიდატი უკვე შერჩეულია, მაგრამ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს.

„ცოდნით კი ვიცით, მაგრამ შეიძლება შეთანხმება მოხდეს ოპოზიციურ პარტიებთან და ა.შ. და წინასწარ არ მინდა გავუსწრო მოვლენებს“, – ამბობს ზურა ჩილინგარაშვილი.

კანდიდატი შერჩეული ჰყავს პარტია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასაც“, თუმცა ახალციხის შტაბის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, დათო ახალკაცის თქმით, მის ვინაობას ოფიციალური წარდგენის დროს გავიგებთ.

„ქართულ ოცნებაში“ კი მერობის კანდიდატების განხილვა მიმდინარეობს.

„ვინც იქნება ახალციხეში მერობის კანდიდატი, მაგას თავის დროზე გაიგებთ, იქნება პრეზენტაცია, განხილვები მიმდინარეობს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ვის და ვის შორის“, – გვითხრეს „ოცნების“ ცენტრალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

პარტიაში, „ლელო საქართველოსთვის“, ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევაზე  მსჯელობა მიმდინარეობს.

„ჯერ არაფერი არ იხილება, ახლა ვემზადებით კონფერენციისთვის და ჯერ უნდა ავირჩიოთ პარტიის ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე, როცა ავირჩევთ თავმჯდომარეს, მერე გადაწყდება, თავმჯდომარე დავაყენოთ მერის კანდიდატად, თუ არ დავაყენოთ. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა, რა თქმა უნდა, განიხილება. რაც შეეხება ქალაქის მერობას, ამაზე მერე შევთანხმდებით ოპოზიცია და შეიძლება ერთი კანდიდატურა დავაყენოთ ყველამ ერთად, შეიძლება ორი, ვნახოთ როგორ იქნება“, – ამბობს პარტიის წევრი ჯუმბერ ინასარიძე

ახალციხეში, ამ ხუთი პარტიიდან ჯერჯერობით მხოლოდ ორის შტაბი მუშაობს – „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“.