თურნავა სუბსიდიაზე: მთავარი ამოცანაა, ხელმისაწვდომი გავხადოთ საცხოვრებელი ფართი ოჯახებისთვის, რომლებიც ზრუნავენ გამრავლებაზე

310

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ახალი შვილების გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხის სუბსიდირების მთავარი ამოცანაა, საცხოვრებელი ფართი ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის, ვინც “ზრუნავს გამრავლებაზე”, –  ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ამოცანა პირველ რიგში არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ქართველ ოჯახებს, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. იმიტომ, რომ ოჯახის თითოეული ახალი წევრი, ახალშობილი შვილი არის არამხოლოდ დიდი სიხარული, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. ამიტომ, მგონია, სამართლიანია, რომ სახელმწიფო შეეხიდოს და დაეხმაროს ასეთ ოჯახებს ახალი ხარჯებისა და პასუხისმგებლობის გაზიარებით. რა საკვირველია, ეს არის მათ შორის იმ დეველოპერების დახმარებაც, ვინც ამ ახალ შეთავაზებას გაუკეთებს, მაგრამ მთავარი ამოცანა არის, ხელმისაწვდომი გავხადოთ საცხოვრებელი ფართი ოჯახებისთვის, რომლებიც ზრუნავენ გამრავლებაზე და ახალი ოჯახის წევრები ემატებათ”, — თქვა თურნავამ.

25 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, ოჯახებს რომელთაც შვილი შეეძინებათ, საშუალება ექნებათ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ისარგებლონ და ამით საცხოვრებელი პირობები შეიქმნან/გაიუმჯობესონ.