2018-2021 წლებში, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 43 პირის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია: სხვისი კუთვნილი ქონების მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობის, სხვისი კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების და ასევე, კერძო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ ჩადენილი გულგრილობის ფაქტებზე.
საქართველოს პროკურატურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით, 2018-2021 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე, პროკურატურის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მიღებულ ანგარიშებზე ეფექტიანი გამოძიება და საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება, პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რის გამოც პროკურატურა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გენერალური პროკურორის ყოველწლიურ ანგარიშში სპეციალური თავი დაეთმოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ განხორციელებული რეაგირების, ასევე მიღწეული შედეგების მიმოხილვას და მოხდეს მისი პროაქტიულად საჯაროდ გამოქვეყნება”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.