საქართველოს პროკურატურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურაში 2018-2021 წლების განმავლობაში 106 აუდიტის ანგარიში მიიღეს, რის საფუძველზეც გამოძიება – 91 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაიწყო 73 სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში – 1 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში – 17 სისხლის სამართლის საქმეზე.
ხსენებული საქმეების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურამ 50 პირის, მათ შორის 23 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო, კერძოდ, ისეთი რანგის მოხელეების მიმართ, როგორიც არის – ქალაქის მერი, ვიცე-მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი და მოადგილე, მუნიციპალიტეტის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და ა.შ.
როგორც პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მიღებულ ანგარიშებზე ეფექტიანი გამოძიება და საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება, პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რის გამოც პროკურატურა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გენერალური პროკურორის ყოველწლიურ ანგარიშში სპეციალური თავი დაეთმოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ განხორციელებული რეაგირების, ასევე მიღწეული შედეგების მიმოხილვას და მოხდეს მისი პროაქტიულად საჯაროდ გამოქვეყნება”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.