ღარიბაშვილი: შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფცია

847

შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფცია. საგარეო მიმართულებით ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ამაღლდება სახელმწიფო ენის ცოდნის დონე, რათა მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 99%-მა იცოდეს.

„უზრუნველყოფილი იქნება რეგულარული თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა: სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას – ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა იცოდეს არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 99%-მა; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვან ჩართულობას და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანებსა და გეგმებს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2024 წელს საქართველო გეგმავს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის ოფიციალურად შეტანას, ამისთვის საჭიროა, დასრულდეს ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ასევე ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება.

„მნიშვნელოვანია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა, ერთობლივი პროექტების განხორციელება, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.