თინათინ ზოიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო

288

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მოხსენებით გამოვიდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოსვლაში დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე, დეპარტამენტის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. თინათინ ზოიძემ, დეპარტამენტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშიც წარმოადგინა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძის განცხადებით, მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისევ აგრძელებს რეგიონის პოპულარიზაციას, სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობას.

„მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენების, პრეს-ინფოტურებისა და სარეკლამო აქტივობების მეშვეობით.

მიმდინარეობს გადაცემების, სტატიების და რეპორტაჟების მომზადება ბათუმის/ აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ. მათ შორის, ივნისის თვეში დეპარტამენტმა უმასპინძლა უკრაინელ ტურ-ოპერატორებს და წამყვან ბლოგერებს. ამჟამად, რეგიონში იმყოფება ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა, რომლის ფარგლებშიც მზადდება 40 წუთიანი რეპორტაჟი ბათუმის შესახებ.

ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, ინფო ტურის ფარგლებში 10 დღის განმავლობაში რეგიონში იმყოფებოდნენ Google-ის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებმაც გააციფრულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღორსშესანიშნაობები, ბულვარი, ქუჩები და მთიანი აჭარის მთავარი ტურისტული ადგილების Google- ის რუკაზე დაიტანეს.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის კუთხით მალე ჩაეშვება კრეატიული კამპანია „აჭარაში მოგზაურობის ტურისტული ანბანი“, რომელიც კრეატიული კონცეფციისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის მეშვეობით მოახდენს აჭარის 33 ძირითადი, მთავარი ტურისტული პროდუქტის, ადგილის, ღირსშესანიშნაობისა და აქტივობის პოპულარიზაციას, მათ ახლებურ პრეზენტაციასა და წარმოჩენას.

რეგიონის პოპულარიზაცია 3 უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა მადრიდსა და დუბაიში, ონლაინდასწრებით კი ბერლინის ტრისტულ გამოფენაზე.

დაგეგმილია აჭარის ტურისტული პოტენციალის ამსახველი, არასტანდარტული, კრეატიული, სპეციალურად დადგმული, შემოქმედებითი ხასიათის, რეგიონის საიმიჯო-სარეკლამო ფოტოების დამზადება. პროექტის ფარგლებში მიღებული ფოტოების გამოყენება იგეგმება საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და მარკეტინგული კამპანიების საწარმოებლად,“- აღნიშნა დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სერვისის დონე აჭარის რეგიონში ჯერ კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რომელზეც ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას.

მუდმივად იგეგმება საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები და პრაქტიკული მეცადინეობები სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის გიდებისთვის, სააგენტოებისთვის, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის. საშუალოდ წლის განმავლობაში, 500-ზე მეტი სფეროში დასაქმებული პირის გადამზადება მიმდინარეობს.

„ონლაინ ტრენინგებსა და ზოგადად, დეპარტამენტის სატრენინგო მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დეპარტამენტმა შექმნა ონლაინ სატრენინგო პლატფორმა serviceajara.ge, სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი როგორც ტრენინგები, ასევე ვიდეოგაკვეთილები, სახელმძღვანელოები და ყველა რეგულაცია, რაც დღეს სექტორს ესაჭიროება ოპერირებისთვის. ამავდროულად, შექმნილია ტრენინგების ონლაინ კალენდარი, სადაც ნებისმიერ მსურველს წინასწარ შეუძლია ტრენინგებზე რეგისტრაცია.

მიმდინარეობს ბათუმისა და ქობულეთის ქალაქის ტურებისა და მარშრუტების სამენოვანი სახელმძღვანელოების შექმნა, რომლითაც გიდები და ტურისტული სააგენტოები იხელმძღვანელებენ.

სერვისის დონის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ტრენინგები საოჯახო სასტუმრო სახლებისთვის აჭარის ხუთივე მთიანი მუნციპალიტეტის 25 სოფელში.

დაგეგმილია ტრენინგები ტურისტული პროდუქტის შექმნისა და შეფუთვის საკითხებზე საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეთათვის აჭარის 15 ტურისტულად აქტიურ სოფელში.

სარესტორნო მომსახურების განვითარების მიზნით მზადდება 20 სასწავლო ვიდეო გაკვეთილი.

სეზონისთვის ტურისტული სექტორის მომზადების ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტურიზმის დეპარტამენტისა და შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლების მიერ საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები, პანდემიის პერიოდში არსებული რეგულაციებისა და აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით.

USAID-თან თანამშრომლობით და მათი ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი მეღვინეების გადამზადებისთვის მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის შემუშავება და განხორციელება“, – აღნიშნა თინათინ ზოიძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, არცერთი დაგეგმილი პროექტი, რომელიც ტურისტული პროდუქტების განვითარებას ეხებოდა არ შეჩერებულა. პირიქით, გაიზარდა ტურისტული პროდუქტების განვითარების პროგრამაში ბიუჯეტი და ამ მიმართულებით მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროექტები.

„ხიხანის ციხეზე (2063 მეტრი ზღვის დონიდან) მისასვლელი ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება.

სოფელ უჩხოში კანიონინგის ტურისტული პროდუქტი შეიქმნა. აჭარაში პირველი კანიონინგით სარგებლობა ვიზიტორებს მალე შეეძლებათ.

ჯვარიმინდორში საპიკნიკე ინფრასტრუქტურისა და თავშესაფრების მშენებლობა მიმდინარეობს.

აჭარაში პირველი ექსტრემალური ველობილიკის მშენებლობა მიმდინარეობს.

ბათუმთან ახლოს ორი ველობილიკის მარკირება იგეგმება.

აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის გარდამავალი ბილიკების კვლევა მიმდინარეობს.

კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით დეგეგმილია კულინარიული ექსპედიცია მთიან აჭარაში, რომლის მიზანიც მივიწყებული და იშვიათი კერძების, მათთან დაკავშირებულ ტრადიციების შესწავლა და ერთ სახელმძღვანელოში გააერთიანებაა,“- აღნიშნა თინათინ ზოიძემ.

გამოსვლაში დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა COVID-19 -ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებზე.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახლაც აგრძელებს აჭარის რეგიონში საკარანტინო სივრცეების მართვას. ამ ეტაპზე რეგიონში არსებული სტაბილური მდგომარეობის გათვალისწინებით ფუნქციონირებს მხოლოდ ორი კოვიდ სასტუმრო და ერთი საზღვრის კვეთის სტანდარტული საკარანტინე ზონა. 2021 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე, ჯამში კოვიდ სასტუმროების მომსახურებით ისარგებლა 3145 მოქალაქემ, ხოლო სტანდარტული კანარტინის მომსახურებით 912- მა მოქალაქემ.

აჭარის რეგიონში საკარანტინო სივრცეების მოწყობის პროექტში ჩართული იყო ჯამში 60 სასტუმრო და რეგიონში მობილიზებული იყო ერთდროულად 3000-ზე მეტი სასტუმროს ნომერი.

ჯამში, აჭარის რეგიონის საკარანტინო სივრცეების მომსახურებით 2020 წელს ისარგებლა დაახლოებით 70 000 -მდე მოქალაქემ, მათ შორის – 16 512 მოქალაქე იმყოფებოდა კოვიდ სასტუმროში, 6082 მოქალაქე ცხელების სასტუმროში, 37 039 მოქალაქე საზღვრისკვეთის სტანდარტულ კარანტინში და დაახლოებით 9000 ბიზნეს ვიზიტორი სტანდარტულ საზღვრის კვეთის კარანტინში,“- აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.