ანაკლია – შავი ზღვის მარგალიტი, რომელიც პოლიტიკის მძევალი გახდა

1152

jam-news.net

ავტორი: ნინო ნარიმანიშვილი

ფოტო/ვიდეო: დავით ფიფია

დასავლეთ საქართველოში, ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან, მდებარე პატარა სოფელს, ანაკლიას, აქვს ყველაფერი განვითარებისა და კარგი ცხოვრებისთვის – ზღვა, კლიმატი, თევზი, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა. მიუხედავად ამისა, ხალხი აქ ტოტალური უმუშევრობასა და სიღარიბეში ცხოვრობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ცენტრის პოლიტიკის მსხვერპლნი არიან და უკვე წლებია გრანდიოზული დაპირებების და მერე ამ დაპირებების არშესრულების რეჟიმში ცხოვრობენ.

ანაკლიის ახალი სიცოცხლე 2010 წელს დაიწყო, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ კურორტის სწრაფი ტემპებით განვითარების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივებმა აიღეს კრედიტები, დაიწყეს ტურისტებისთვის სახლების, ინფრასტრუქტურის მომზადება.

თუმცა, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილის მიერ ინიცირებული ანაკლიის პროექტი დაივიწყა.

ადგილობრივებისთვის იმედი გაჩნდა 2016 წელს, როდესაც ანაკლიაში უმსხვილესი პროექტის განხორციელება, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო. თუმცა, პროექტი, რომელსაც მრავალმილიონიანი ინვესტიციები უნდა მოეზიდა, ათასობით სამუშაო ადგილი შეექმნა და გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც ქვეყნისთვის დიდი სარგებელი მოეტანა, 2020 წელს ინვესტორებსა და ხელისუფლებას შორის დავის გამო შეჩერდა.

ამ შეჩერებულ პროექტთან ერთად, კვლავ გაჩერდა ცხოვრება ანაკლიაში.

კონტრასტების სოფელი

ანაკლიის ცენტრალური ქუჩა რამდენიმე კილომეტრზე გაჭიმული სწორი ზოლია, მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებული პალმებით.

გაჩერებაზე ლურჯთმიანი გოგო დგას, დიდი ზურგჩანთით და თავისი უჩვეულო გარეგნობით ყურადღებას იქცევს. ფოტოს გადაღებაზე გვთანხმდება.

თამუნა ანაკლიის სანაპიროზე ტოტებს აგროვებს და შემდეგ დეკორაციებს ქმნის. 2021 წელი, ივნისი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

თამუნა ჰქვია, ზუგდიდში ცხოვრობს. ანაკლიაში ზღვის სანაპიროზე ტოტების მოსაგროვებლად ჩამოვიდა. ამ ტოტებისგან სხვადასხვა დეკორაციებს აწყობს.

პანდემიამდე არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. ახლა უმუშევარია. პროფესიით ტურიზმის სპეციალისტია, თუმცა მშობლიურ რეგიონში სამუშაოს შოვნაზე არც ფიქრობს. ეს ამბავი გვიკვირს, მაგრამ ძალიან მალე ყველაფერი ფაზლივით ლაგდება.

როგორც კი ცენტრს შორდები და ზღვა თვალს ეფარება, ევროპული ანაკლია ქრება და წინ ქართული, ღარიბი სოფლის ხედები იშლება. დანგრეული და წვიმისგან ატალახებული ქუჩები, ძველი სახლები,  მორღვეული ღობეები, აქა-იქ რომ შერჩენია ჟანგმოდებული აბრა ქართულ-რუსული წარწერით “ვაქირავებ ბინას”.

აქაურებს ჟურნალისტებთან ლაპარაკი არ უყვართ. ეს სიფრთხილეა. სასწორის მეორე მხარეს ზაფხულის სეზონის ბედი დევს. ამიტომ, საუბარი შეფარული და გაუბედავია.

ანაკლია, 2021 წლის ივნისი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

ცარიელი ბულვარი და ტურისტული სეზონის დასაწყისი

ანაკლიაში ზაფხულის პირველი კვირას ვართ. შუადღეა. არ გაგვიმართლა, ამინდი „მოქუფრულია“, პერიოდულად წვიმს, მაგრამ არ ცივა. არ ვკარგავთ იმედს, რომ სანაპიროზე ხალხი დაგვხვდება.

თუმცა, ანაკლიის სანაპიროზე, რომელიც იმდენად მოუვლელია, რომ ძნელია ეს ადგილი საზღვაო კურორტად აღიქვა, თითქმის არავინ ჩანს.

ცარიელია ბულვარიც. არც ის ტოვებს მოვლილის შთაბეჭდილებას. მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებულ პალმებს ხმობა დაუწყიათ.

„ბალახიც გუშინ გათიბეს. მუხლამდე იყო“, – გვეუბნება ახალგაზრდა ქალი ნანა (სახელი შეცვლილია), რომელიც ველოსიპედებსა და საბავშვო მანქანებს აქირავებს.

უკაცრიელ ბულვარში მისი ფერადი ველოსიპედები ყურადღებას შორიდანვე იპყრობს. გვთხოვს, მისი ნამდვილი სახელი არ დავწეროთ, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემები არ უნდა.

რამდენიმე დღის წინ ნანამ გაიგო, რომ ამიერიდან ბულვარში საქმიანობისთვის ტერიტორიის იჯარით აღება სჭირდება.

ქალი ამბობს, რომ ბოლო ორი წელია ანაკლია აღარ ცხოვრობს ტურიზმით, რომელიც მანამდე ადგილობრივებისთვის გადარჩენის მთავარი წყარო იყო.

ნანა არ არის დარწმუნებული, რომ წელს რამე გამოსწორდება და იგი იმდენს იშოვის, რომ ქირაც იხადოს და ოჯახიც არჩინოს.

ნანა ერთადერთია, ვისაც ოჯახში შემოსავალი შეაქვს. ოთხი წელია ამ საქმით არის დაკავებული. ველოსიპედის დაქირავება ერთი საათით 10 ლარია, საბავშვო მანქანით სეირნობის ფასი კი – 10 წუთისთვის ხუთი ლარი.

ნანა ამბობს, რომ ამ საქმით სეზონზე საშუალოდ ოთხ-ხუთ ათას ლარს აგროვებს. ეს დანაზოგი ოჯახს მთელი ზამთარი უნდა ეყოს.

ნანას მსგავსად, ველოსიპედებს, საბავშვო მანქანებს და სხვა გასართობ საშუალებებს, სეზონზე ბულვარში შვიდი-რვა სხვა ადგილობრივიც აქირავებს.

ამ მომსახურებაზე დადგენილი ფასები არ არსებობს.  ნანა გვეუბნება, რომ რაღაცნაირი, უსიტყვო თანხმობა არსებობს მათ შორის –  ფასებს ისე აბალანსებენ, რომ ერთმანეთთან უკმაყოფილება არ მოუვიდეთ. ამ დრომდე იჯარას არ იხდიდნენ. ახლა შემოუთვალეს, რომ მალე საკრებულო მოსაკრებელს დაადგენს და ამიერიდან, ბულვარში ადგილის დაკავებისთვის ყოველთვიურ ქირას გადაიხდიან, რამდენს, ჯერ არ იციან.

ანაკლია ზღვისპირა, კლიმატური კურორტია დასავლეთ საქართველოში, ქვიშისა და სილის სანაპიროებით, აფხაზეთის საზღვართან, ზუგდიდან 30 კილომეტრში. დასახლება ცნობილია საქართველოში ყველაზე გრძელი, 552-მეტრიანი საფეხმავლო ხიდით, რომელიც ანაკლიას განმუხურთან აკავშირებს.

წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს ანაკლიისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებაც იგეგმებოდა.  2012 წელს დაანონსდა, რომ ანაკლიის ტერიტორიაზე, ყულევამდე, ახალი საპორტო ქალაქი „ლაზიკა“ გაშენდებოდა. ლაზიკა უნდა გამხდარიყო სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში, 2024 წლისთვის ნახევარი მილიონი მცხოვრებით. დაიწყო რამდენიმე შენობის მშენებლობაც, მაგრამ პროექტი შეწყდა.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2014 წლის მონაცემებით, ანაკლიაში 510 ოჯახი, 1400-მდე ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივების მთავარი შემოსავლის წყარო ტურიზმი და მეთევზეობაა.

როდესაც ქარი ამოვარდება, ანაკლიაში ყველაფერი ნაცრისფერი ხდება და ადგილობრივების სახლები და ეზოები ქვიშით ივსება.

„ეს არ არის ჩვეულებრივი ქვიშა. ეს არის ქვიშის მტვერი. ყველა ღრიჭოდან შემოდის. ვერ სუნთქავ. იწამლები“, – გვეუბნება თამარ შელია, რომლის სახლს პორტის ტერიტორიიდან ერთი ღობე ჰყოფს.

შელიებმა საკუთარი, სამსართულიანი ხის სახლი უკვე რამდენჯერმე გარეცხეს „კერხერით“. ქვიშა კი ჩამორეცხეს, მაგრამ, ხის კედლებმა წყალი შეიწოვა და სახლში ყველაფერი გაფუჭდა. სიშავის დასაფარად კედლები ოქროსფერი ლაქითაც შეღებეს, მაგრამ, ყოველთვის, როცა ქარი ამოვარდება, შელიების ლამაზი, ხის სამსართულიანი სახლი, ისევ შავდება და თამარ შელიას ჯოჯოხეთი იწყება:

„სამი სართული, აივნები, ფანჯრები… 9 ოთახი გვაქვს, თითო ოთახში მინიმუმ, ორი ფარდა, ამის დალაგება წარმოიდგინეთ. წელში ვწყდები. დამხმარეც არ მოდის. რაც არ უნდა გადაუხადო, არავინ მოვა იმ ქვიშის გამოსახვეტად, პირბადით უნდა ალაგო, იგუდები“, – გვეუბნება თამარი და ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ამ სახლის და ვარდებით სავსე ეზოს მიტოვებაზე იფიქრებდა.

თამარ შელია, ანაკლიის მაცხოვრებელი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

„წინაპრების ნასახლარზე ავაშენეთ, სპეციალურად არ წავედით არსად. რას წარმოვიდგენდით, ეს დღე რომ გველოდა. სულ ვნატრობ, რომ გადაგვასახლონ“, – გვეუბნება თამარი.

ეს აუტანელი და საშიში ქვიშის ქარი, რომელსაც ანაკლიაში ეკოლოგიურ კატასტროფად მიიჩნევენ, მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არ არის საშიში. ამ ქარის გამო, ანაკლია კარგავს ტურისტებსაც.

„ახლა ჩვენთან ტურისტი რომ მოვიდეს და მეორე დრეს ეს ქარი ამოვარდეს, ყველა გაიქცევა. აქ ჩემთან ახლოს, ჩემი მაზლი ცხოვრობს. რუსები ჩამოუვიდა, ბავშვებით, დილით მოვიდნენ, ორი საათის მოსულები არ იყვნენ, ქარი ამოვარდა, გაგიჟდნენ, სად ცხოვრობთ აქ, როგორ სუნთქავთო. ტაქსი გამოიძახეს და წავიდნენ“, – გვეუბნება თამარ შელია.

ანაკლიაში თევზის ჭერა შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება

„რაც უფალმა ადამიანი გააჩინა, ყოველთვის ცდილობდა წყლის პირას ეცხოვრა, რომ რამე სარგებელი ენახა. 21-ე საუკუნეში ეს სარგებელი კი არა, პრობლემა გახდა“, – გვეუბნება ნუგზარ გაბელია.

ნუგზარი მეთევზეა, წლებია ეს საქმე მისთვის ერთდროულად ჰობიც არის და შემოსავლის წყაროც:

„რაც თავი მახსოვს, ანაკლიაში თევზის ჭერა არასდროს იყო შეზღუდული. გარკვეული პერიოდია, როცა არ თევზაობ, ქვირითობას, დანარჩენ პერიოდში ყოველთვის შეიძლებოდა შემოსავლის მიღება. ახლა შეიძლება ისე დაგაჯარიმონ, სახლის გაყიდვა მოგიწიოს“.

ანაკლიაში მცხოვრებთა დაახლოებით 10 პროცენტისთვის მეთევზეობა ერთადერთი საარსებო წყაროა.

ნუგზარ გაბელია, ანაკლიელი მეთევზე. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

ანაკლიელ მეთევზეებს ახლა ძალიან უჭირთ. თავისუფლად თევზაობისთვის მათ ლიცენზია სჭირდებათ, ლიცენზიის მიღებას კი სარეწაო, თევზსაჭერი გემის, რამდენიმე ათასი ლარის გადახდა და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების დაკმაყოფილება სჭირდება.

„პატარა კაცი ამას ვერ შეწვდება“, – გვეუბნებიან ანაკლიელი მეთევზეები. ისინი მცირე ზომის ძრავიანი ნავებითა და თევზსაჭერი ბადეებით თევზაობენ, მცირე, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე:

 „ანაკლიის ტერიტორიაზე კილომეტრნახევარი ადგილი გამოგვიყვეს. რამდენი კაცი უნდა დაეტიოს იქ?! მერე, სეზონი რომ მოვა, თურქეთიდან მოსული, 30-40 გემი დადგება და ვერც ბადეს ჩაყრი, ვერ ითევზავებ. იქეთ ნაკრძალია, აქეთ აკრძალული ტერიტორია, როგორ უნდა ითევზაო“.

გემებს, საუბარია თურქულ, თევზმჭერ, სარეწაო გემებზე, ლიცენზია აქვთ. ანაკლიელი მეთევზეებისთვის მათთვის კონკურენციის გაწევა, წარმოუდგენელია.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ წლებია სწავლობს საქართველოში თევზჭერის პოლიტიკას. ჯერ კიდევ 2015-2016 წლების პუბლიკაციებში, რომლებიც ანაკლიელი მეთევზეების გასაჭირს ეხება, ნათქვამია, რომ ანაკლიელი მეთევზეებისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი ძვირი, პირობები კი რთულია, მათთვის, ფაქტობრივად შეუძლებელია ლიცენზიანტი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა.

2016 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ სახელმწიფოს მოუწოდა, თევზჭერის ლიცენზიაზე მორიგი აუქციონის გამოცხადებისას პირობები იმგვარად განესაზღვრა, რომ ლიცენზია   არა მხოლოდ მსხვილი კომპანიების, მწირი ფინანსური შესაძლებლობის მქონე მეთევზეებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. თუმცა, როგორც ვხედავთ, უშედეგოდ.

ანაკლიელები ამბობენ, რომ პრობლემებია ამკრძალავი ტივტივების დამონტაჟებასთან დაკავშირებით:

„დაფარავს წყალი ამ ტივტივას და მოდიან და იმხელა ჯარიმებს გადებენ. როგორ წარმოგიდგენიათ ზღვაში ათ-ათი მეტრობით აკონტროლო ადგილი, რომ საზღვარს არ გადასცდე“, – ჩივიან ანაკლიელი მეთევზეები.

ისინი ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემებზეც  ყვებიან.

„წელიწადში რამდენჯერმე უნდა ჩახვიდე ბათუმში, კაბინეტიდან კაბინეტში იარო. გამოყოფილი რომ იყოს ერთი წარმომადგენელი, მოვიდოდა, შეისწავლიდა ყველაფერს, ერთ ადგილზე მოგვარდებოდა ყველაფერი“, – გვეუბნება ნუგზარ გაბელია.

და მაინც, არის ოპტიმიზმის მიზეზი?

შავიზღვისპირა სოფლის ამდენი პრობლემის ფონზეც კი, ადგილობრივები ოპტიმიზმს არ კარგავენ.

„ანაკლიას იმხელა პოტენციალი აქვს, პატრონი რომ ჰყავდეს, ყველა კარგად უნდა იყოს აქ“, – გვეუბნება დათა შელია, ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც ერთადერთი ოპოზიციონერი მაჟორიტარია ზუგდიდის საკრებულოში.

დათა შელია, ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

ანაკლიაში ყოფილი ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობა ბევრს ეტყობა, შესაძლოა იმიტომაც, რომ აქ დიდი აღმშენებლობა მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, მას მერე კი, თითქოს ნიშნის მოგების და პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნად, აქ არაფერი აღარ გაკეთებულა.

„არაჩვეულებრივი სანაპირო, აქეთ სილა, იქით ქვიშა, სიწყნარე, პარკი. მაგრამ, სადმე გინახავთ რეკლამა ანაკლიაზე?!“ – გვეკითხება დათა.

ვიხსენებთ, რომ მართლაც თბილისიდან ანაკლიამდე ისე ჩამოვედით, რომ რაიმე სარეკლამო აბრა თვალში არსად არ მოგვხვედრია.

„თუ შესაძლებელია თბილისში, მეტროში, მატარებელში, კაზინოების რეკლამა იყოს, რატომ არ შეიძლება მაგალითად, თბილისი – ზუგდიდის მატარებელში ანაკლიაზე რეკლამა და საინფორმაციო ბუკლეტები იყოს?!“ – ამბობს სოფლის დეპუტატი.

დათა შელია ფიქრობს, რომ სამეგრელოში, იმ ტურისტულ ცენტრებში, სადაც სეზონზე ტურისტების ბუმია, დიდი საინფორმაციო ბანერები უნდა არსებობდეს, სადაც ანაკლიის შესახებაც იქნებოდა ინფორმაცია – რა ელოდება აქ ტურისტს.

ანაკლიის სანაპირო. ივნისი, 2021 წელი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

კიდევ ერთი შესაძლებლობა, რაც ამდენი პრობლემის ფონზეც კი ანაკლიელების ცხოვრებას და სეზონს უკეთესს გახდიდა, ფესტივალებია.

ანაკლიას უკვე აქვს გამოცდილება, რამდენი ტურისტი მოიზიდა გასულ წლებში გრძელვადიანმა ფესტივალმა „კაზანტიპმა“. დათა შელია ფიქრობს, რომ ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ ანაკლიას ასეთი ფესტივალი ძალიან გამოაცოცხლებდა.

ასე ფიქრობენ სხვებიც.

„ხალხის ტევა არ იყო. უამრავი ხალხი იყო. ანაკლიიდან 30 კილომეტრის რადიუსზე ყველაფერი დაჯავშნული იყო“, – იხსენებს თამარ შელია.

„კაზანტიპი“ ანაკლიაში 2015 წელს გაიმართა. მას შემდეგ ეს ფესტივალი ჯერ “Gem Fest”-მა, შემდეგ კი „Echo Waves”-მა ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელს წელსაც დიდი იმედით ელოდებიან.

„ამბობენ, რომ აგვისტოს ბოლო კვირაში უნდა გაიმართოს. ასეთმა ფესტივალმა უნდა მოიყვანოს აქ ხალხი, თორემ, ისე, აქ ინფრასტრუქტურა არაა, გასართობი არაა, არ მოვა აქ დამსვენებელი, ბათუმში წავა“, – გვეუბნება ეკა გვილია.

რას აპირებს სახელმწიფო

რას აპირებს სახელმწიფო ანაკლიის პოპულარიზებისთვის, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ „სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში“ გადაგვამისამართა. სამეგრელო DMO  – ასე ქვია ამ ორგანიზაციას.

ეს არის ტურიზმის მართვის ახალი მოდელი, რომელიც საერთაშორისო რეკომენდაციით, USAID-ის  ფინანსური მხარდაჭერით არის არის შექმნილი და მისი მიზანი რეგიონების პოპულარიზაცია და ტურიზმის ხელშეწყობაა.

საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე, რომელიც ორ სოფელს – ანაკლიასა და განმუხურს აკავშირებს. ივნისი, 2021 წელი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

სამეგრელო DMO-ს დირექტორმა ლევან წულაიამ გვითხრა, რომ სამეგრელოს და მათ შორის, ანაკლიის პოპულარიზებისთვის, წელს რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი:

„უახლოეს დღეებში გაიხსნება ანაკლიასთან მდებარე კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის მონაკვეთი, სადაც USAID-ის დახმარებით გაკეთდა თოკების პარკი და შევიძინეთ ბორანი, რომელიც მაგალითად, ტურისტებს გასეირნებას შესთავაზებს. დაგეგმილია მეთევზის სახლის გაკეთებაც. ეს  ინფრასტრუქტურის ნაწილში. გარდა ამისა, ყოველწლიურად ინფოტურები გვაქვს, რაც არის კარგი საშუალება სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზებისთვის“.

მისივე თქმით, ბოლოს ასეთი ინფოტური სამეგრელოში გასულ, მაისის თვეში მოეწყო და კიდევ იგეგმება.

გარდა ამისა, უკვე დასრულდა საიმიჯო ვიდეორგოლები სამეგრელოს შესახებ, რომელიც ორ ენაზეა (ქართულად და ინგლისურად) და როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება, მაგალითად, ისეთებზე, როგორიცაა Tripadvisor-ი.

ზუსტად როდის და სად, ეს ჯერ მოლაპარაკების საგანია და იმაზე იქნება დამოკიდებული, რა თანხა დაჯდება ასეთ პლატფორმებზე მათი განთავსება. (ორი ვიდეორგოლიდან ერთი ზოგადად სამეგრელოს ტურისტულ პოტენციალს ეხება, მეორე კი ანაკლიას, როგორც ახალგაზრდული ფესტივალებისთვის შესაფერის ლოკაციას).

„ჯემნიუსი“ ეცადა სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციიდანაც მოესმინა, სახელმწიფო რას აკეთებს ანაკლიის პოპულარიზებისთვის და საერთოდ, როგორ ხედავს ამ უნიკალური, ტურისტული ადგილის პოტენციალს, მაგრამ გუბერნიიდან კომენტარზე უარი გვითხრეს.

ექნება თუ არა ანაკლიას უკეთესი ზაფხული?

ლევან წულაია ამბობს, რომ ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ანაკლია ტურისტულ რუკაზე კოვიდ-უსაფრთხო ადგილად წარმოჩნდეს.

ანაკლიის სანაპირო. ივნისი, 2021 წელი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews