გორის მუნიციპალიტეტის მერია იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამაში კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი იაპონიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებას დაესწრო.
შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის შესაძენად და რეგიონებში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე იქნება მიმართული.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
GGP ადამიანის უსაფრთხოების პროგრამა ყოველ წელს ხორციელდება. ბოლო 20 წლის განმავლობაში, იაპონიის საელჩომ აღნიშნული პროგრამით თითქმის 200 პროექტი დააფინანსა.
2020-2021 წლებში იაპონიის საელჩოს დაფინანსებით GGP გრასრუტების მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში კი 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 12 პროექტი დაფინანსდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. აღნიშნული პროექტები მოიცავდა კრიტიკული სამედიცინო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას, საგანგებო სიტუაციების მართვისთვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; საბავშვო ზრუნვის სისტემის განვითარებას და სხვა სარგებლის შექმნას.