პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების პროექტს, მეორე მოსმენით, იმ მუხლის გარეშე მიიღებს, რომლითაც თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარული და პროპორციული შემადგენლობა განისაზღვრება.
როგორც ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, „საარჩევნო კოდექსის“ პროექტის შესაბამისი მუხლის კენჭისყრა იმიტომ გადადეს, რომ მუხლი საკმაოდ მოცულობითია და ოპოზიციას მის გასაცნობად მეტ დროს აძლევენ.
„აღნიშნულ მუხლში სათითაოდ არის ჩამოთვლილი ადმინისტრაციული ერთეულები, სადაც მაჟორიტარული ოლქები იქმნება. ჩვენ ოპოზიციას ცხრილები გავუგზავნეთ და მეტ დროს ვაძლევთ, რათა ამ დაყოფას კარგად შეხედონ და ჩვენი შეთავაზება გაიზიარონ. აღნიშნულ მუხლს მეორე მოსმენაზე მომავალ კვირას მივუბრუნდებით. ჩვენ ჩვენი პოზიცია ჩამოყალიბებული გვაქვს, დროს ვაძლევთ ოპოზიციას“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.