„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერის დადგენა ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობისთვის სიურპრიზი და ამავდროულად, მიუღებელია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია აღნიშნულ საკითხს ეთანხმება, ან ვითარებაში ვერ ერკვევა, ან „ქართულ ოცნებას“ ქულების ჩაწერაში ეხმარება.
„ძალიან უცნაური იყო დღევანდელი გადაწყვეტილება 40%-იანი ბარიერის შემოტანასთან დაკავშირებით, საიდან ჩნდება ეს ციფრები, საერთოდ გაუგებარია. კიდევ უფრო გაუგებარია ის განცხადება, რომელიც მოვისმინე, თითქოს ეს ოპოზიციის წინადადება და სურვილი იყო. არ ვიცი, ამას რომელი ოპოზიციური პარტიები ეთანხმებიან, მაგრამ შემიძლია გითხართ, რომ ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს იყო სიურპრიზი და ამავდროულად, მიუღებელი, რადგან არანაირი ლოგიკა არ არის 40%-ში და ეს არანაირად ხელსაყრელი არ არის ოპოზიციისთვის. ასე, რომ თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია ამას ეთანხმება, ან ვითარებაში ვერ ერკვევა და არ იცის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა, ან უბრალოდ, ეხმარება „ქართულ ოცნებას“ იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქულები ჩაიწეროს, თითქოს ოპოზიციასთან შეთანხმებით რაიმეს აკეთებს. იმედი მაქვს, ამ კომენტარს, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიებისა და ლიდერების მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგები გაითვალისწინებენ და არ მისცემენ „ქართულ ოცნებას“ ქულების ჩაწერის შესაძლებლობას. საერთოდ, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს რომელიმე ოპოზიციური პარტია, კეთილი ინებოს და წინასწარ სხვა ოპოზიციურ პარტიებს აზრი მაინც ჰკითხოს, ან გააკეთონ განცხადება, რომ არის არა ოპოზიციასთან, არამედ რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან შეთანხმება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.