2021 წლიდან ქუთაისის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები, თავშესაფარში ცხოვრების ხუთი წლის ნაცვლად, ორწლიანი უფლებით ისარგებლებენ. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
მერიამ მათთან უკვე გააფორმა ორწლიანი ხელშეკრულებები. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ვადის ამოწურვის შემდეგ, მათი შენობიდან გაყვანას არ ნიშნავს, თუმცა, ახალი რეგულაციით, ყოველ ორ წელიწადში ბენეფიციარების საცხოვრებელი პირობები გადამოწმებას დაექვემდებარება. დაჯამებული ქულების მიხედვით კი გადაწყდება დარჩებიან თუ არა ისინი საცხოვრისში.
ასეთ ხელშეკრულებას ხელი ბენეფიციარებმა უკვე მოაწერეს, მათ შორის, იმათაც, ვინც შენობაში 2019 წელს შეასახლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველი ხუთწლიანი დათქმის ნაცვლად, ისინი შენობაში გარანტირებულად მხოლოდ ოთხი წელი იცხოვრებენ.
სოციალურ თავშესაფარში ცხოვრების ვადა მერიამ ხუთი წლიდან ორ წლამდე მიმდინარე წლის მარტში შეამცირა. მერიამ მიზეზად დოკუმენტებში ხარვეზი დაასახელა.
სოციალურ საცხოვრისში, რომელიც 2017 წელს გაიხსნა, 69 ოჯახი ცხოვრობს. შენობის მოწყობა ბიუჯეტს 4 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, თუმცა, მერიამ მაშინ რეალური ხარჯები დამალა. საკითხით საგამოძიებო უწყებებიც დაინტერესდნენ, ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ბენეფიციარებისთვის გადაცემულ ფართებსა და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ საერთო ფართს შორის სხვაობა იყო. საქმეზე დაიწყო გამოძიება, თუმცა, კონკრეტული პირების ბრალეულობა ამ დრომე არ გამოკვეთილა.