თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ინტერაქციულ-გასართობი თამაში, „იპოვე შენი შემდეგი წიგნი“ გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, თამაში, ნებისმიერ ადამიანს, ინდივიდუალურად ესადაგება და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემის შედეგად, მომავალში წასაკითხი წიგნების სიას სთავაზობს.
პროცესი საკმაოდ მარტივია და ნებისმიერ ასაკის ადამიანზეა გათვლილი. ეკრანზე გამოსახული მისალმების ტექსტისა და მოთამაშის ასაკის გარკვევის შემდეგ, პირველ და საბაზისო კითხვაზე სცემთ პასუხს: კითხვის თავდადებული მოყვარული ხართ თუ მხოლოდ მოცალეობის ჟამს იღებთ წიგნს ხელში.
„პირველი ფილტრი, სწორედ აქ ირთვება და თამაშიც ლოგიკურ განვითარებას ჰპოვებს. ნელ-ნელა პროგრამა მოთამაშის შესახებ მეტ ინფორმაციას იღებს. მაგალითად, ფენტეზის ზღაპრული სამყარო უფრო აინტერესებს თუ მიწიერ ისტორიებს ამჯობინებს, გასართობი საკითხავი უფრო მოსწონს თუ ღრმად ფილოსოფიური, სქელტანიანი წიგნების დაძლევა უპრობლემოდ შეუძლია თუ მხოლოდ ერთ დღეში გადასაკითხისთვის იცლის.
მას შემდეგ, რაც მოთამაშე საბოლოო პასუხს დააფიქსირებს, პროგრამის გონება მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას იწყებს, რის დასრულების შემდეგაც, სამწიგნიან სიას აგენერირებს და შედეგი ეკრანზე გამოაქვს (ერთი ქართველი ავტორის, ორიც თარგმანი). ამის შემდეგ, მოთამაშე იღებს ინდივიდუალურ QR კოდს, რაც რამდენიმე გამომცემლობისგან ამ კონკრეტული წიგნების 50 პროცენტიანი ფასდაკლებით შეძენის საშუალებას აძლევს“, – ნათქვამია პრესრელიზში.
თბილისის წიგნის ფესტივალი 24-28 ივნისს, ტრადიციულად, „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება.
თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.