თბილისში მეტრეველის ქუჩაზე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

358

დიდუბის რაიონში, მეტრეველის ქუჩაზე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, დიდუბის რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მნიშვნელოვანია ავარიული საცხოვრებელი სახლების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებიც.

„დიდუბის რაიონში მიმდინარე წელს უკვე მეშვიდე ავარიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთია მეტრეველის ქუჩის N10-ში მდებარე სახლი, სადაც 17 ოჯახი ცხოვრობს.

აღნიშნულ მისამართზე პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება. ასევე, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება.

საცხოვრებელი შენობის გამაგრების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტის ღირებულება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ნიზა“ ასრულებს, 399 500 ლარია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.