„სახალხო ბიუჯეტირება“ – ხოჯევანიშვილი პარლამენტში ახალი ინიციატივით გამოდის

373

გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა 22 ივნისს პარლამენტში ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გიორგი ხოჯევანიშვილის აზრით, საჭიროა მუნიციპალიტეტები ამ პროგრამისთვის გარკვეული ოდენობის თანხას ითვალისწინებდნენ და მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ ბიუჯეტის დაგეგმვას მათი საჭიროებების გათვალისწინებით თავადვე გადაწყვიტონ რა მიმართულებით დაიხარჯოს მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი ფინანსები.

“აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში უნდა მოხდეს რეალური თვითმმართველობის მიღება. უნდა მოხდეს კონკრეტული უფლებამოსილების მინიჭება და ბიუჯეტის განკარგვის უფრო მეტი საშუალება მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს კორუფციული რისკების მინიმალიზაციისთვის. ერთ-ერთი ინიციატივა, რომლითაც უახლოეს დღეებში მივმართავთ პარლამენტს გულისხმობს მოსახლეობის უფრო მეტად ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თითოეულ მუნიციპალიტეტზე მოხდება კონკრეტული თანხის გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მოსახლეობამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რა მიმართულებაა ნომერ პირველი გამოწვევა და რაზე უნდა დაიხარჯოს თანხა”, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.