თელავში ერისთავის ქუჩის მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს

656

თელავში ერისთავის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მათი თქმით, სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია, რის გამოც გზა გადათხრილია და მათ გადაადგილების პრობლემა ექმნებათ. ადგილობრივების განმარტებით, ასევე პრობლემას ქმნის მრავალჯერ გადათხრილი ქუჩა, რომლის რეაბილიტაციაც ბევრჯერ დაიწყეს და დღემდე არ არის დასრულებული.

“ამ ქუჩას აპრილიდან აკეთებენ. რამდენჯერმე გადათხარეს, ამის გამო სახლებში ძლივს შევდივართ. ახლა გადათხრილი ადგილები ამოავსეს, მაგრამ ისევ საჭიროებს თავიდან რეაბილიტაციას. ვერ ვიგებთ რატომ არ ასრულებენ სამუშოებს. იმ შემთხვევაში თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, მოსახლეობას მოგვიწევს მივიღოთ სხვა სახის ზომები”, – განაცხადა ერისთავის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებელმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, დავით ბეგიაშვილის თქმით, პრობლემა მოსახლეობის მიერ გაყვანილი წყლის სისტემის გაუმართავობამ შექმნა. მისივე განმარტებით, ქუჩის სარემონტო სამუშაოები უახლოეს ხანში დასრულდება.

“პრობლემა შექმნა თავად მოსახლეობის მიერ გაყვანილმა წყლის სისტემამ, ამიტომ გაგრძელდა რეაბილიტაცია. ახლაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და უახლოეს კვირაში დასრულდება”,- განუცხადა “კახეთის ხმას” დავით ბეგიაშვილმა.