გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და სრულყოფილად განახლდა ყველა იმ სპორტული სექციის აქტივობა, რომელიც გასულ წელს პანდემიის, ხოლო შემდეგ აღნიშნული სამუშაოების მიზეზით, შეჩერებული იყო.
გორის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტანვარჯიშის დარბაზის სახურავს. ოთხ დარბაზში, ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი. ყველა დარბაზში მოწესრიგდა სველი წერტილები, გასახდელები და მწვრთნელების ოთახები. პროექტის ღირებულება 142 996 ლარს შეადგენს.
„შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში, მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სექციებთან ერთად, სპორტის 20 სახეობაში, ორი ათასამდე სპორტსმენი ვარჯიშობს. აქ, სწავლა უფასოა და ჩვენი ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა რანგის ტურნირებზე სპორტსმენთა მონაწილეობაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.