გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სადრენაჟე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

500

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სადრენაჟე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც გარდამავალია და 1 მლნ ლარამდე დაიხარჯება, ჰიდროგეოლოგიური დასკვნისა და ტოპოგადაღების მიხედვით განხორციელდება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იგეგმება დრენაჟის, შემკრები კოლექტორის, გამყვანი მილსადენის, გაბიონებისა და მიწის ყრილის მოწყობა. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული კომუნიკაციების და სადრენაჟე სისტემის გამყვანი მილის გადატანაც.

“სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ვიაიპი“ ახორციელებს.

წმინდაწყლის დასახლებაში, გაუქმებული N2 სათავის ტერიტორიაზე, სადრენაჟე სისტემა მოძველებულია და ნაწილობრივ მუშაობს. უხვწყლიანობის დროს არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველმყოფს გრუნტის წყლის ათვისებას, რის გამოც ჭაობდება მიმდებარე ტერიტორიები და ჭარბი წყალი გადაედინება ეზოებსა თუ სავარგულებზე.

ახალი სადრენაჟე სისტემის მოწყობა პრობლემას მოუგვარებს ადგილობრივ მოსახლეობას და დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან. პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.