აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლების აქციას გამოეხმაურა

667

წინა სტატია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლების აქციას გამოეხმაურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.

“აჭარის მთავრობის წევრებმა ბობოყვათის მოსახლეობასთან შეხვედრა უკვე გამართეს. როგორც ცნობილია, ტერიტორია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და შესაბამისად, მოქალაქეებს არა აქვთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით ბობოყვათში მიწა არ ეკუთვნით, ისინი მთავრობისგან ითხოვენ რაიმე გზის გამოძებნას, რომ აღნიშნული მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდეთ. მთავრობის წევრების მიერ მოსახლეობას განემარტა, რომ ქონების განკარგვა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ დაინტერესების შემთხვევაში, მოსახლეობასთან კვლავ გამართონ შეხვედრა, რომლის ფარგლებში მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ბორჯომში იმყოფებიან და მიმდინარე სამუშაო შეხვედრებში იღებენ მონაწილეობას”,- აცხადებენ უწყებაში.

სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის შაბათს, 19 ივნისს დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა რამდენიმე მათგანი ტერიტორიიდან გაიყვანა.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, მათ ქობულეთის პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს. ისინი აცხადებენ, რომ აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.