მარნეულის 89-ე უბნის რეგისტრატორი საგამოძიებო კომისიის წევრებს: არ ვიცი, რეგისტრატორი ვიყავი თუ დამკვირვებელი, დამიძახეს და მივედი

550

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც კომისია მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებებს ისმენს, ერთ-ერთმა რეგისტრატორმა, ილჰამ ისმაილოვმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა, თუ საარჩევნო ოქმზე ხელი უნდა მოეწერა, ამიტომ მისი ხელმოწერა ოქმზე არ არის.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის კითხვაზე, თუ რატომ არ მოაწერა მან ხელი საარჩევნო ოქმზე, რეგისტრატორმა უპასუხა, რომ ის კომისიის წევრი იყო, მაგრამ რატომ არ მოაწერა ხელი ოქმზე, „არ იცის“.

ამასთან, ახსნა-განმარტებების მოსმენისას გივი მიქანაძემ ჰკითხა, მარნეულის 89-ე საარჩევნო უბანზე ის დამკვირვებელი იყო თუ რეგისტრატორი, რაზეც მან უპასუხა, რომ „არ იცის, უბრალოდ დაუძახეს და მივიდა“.

„მე პირველად ვიყავი და არ ვიცოდი, თუ ხელი უნდა მომეწერა. შეიძლება კომისიის თავმჯდომარემ მითხრა, რომ ოქმზე ხელი უნდა მომეწერა, მაგრამ მე ვერ გავიგე“, – განაცხადა მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის ერთ-ერთმა რეგისტრატორმა.

აღასანიშნავია, რომ საბოლოოდ, გივი მიქანაძემ ახსნა-განმარტებების მოსმენა შეწყვიტა. მისი თქმით, აღნიშნული რეგისტრატორის მოსმენას აზრი არ ჰქონდა, რადგან საარჩევნო ოქმთან დაკავშირებით მას არაფრის თქმა არ შეეძლო.