შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ხორხელში გამავალი სისტემა, სადაც ამ დროისთვის 630 მმ-იანი ქსელი იცვლება, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემიდან იკვებება.
წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება დაზიანებული მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად 130 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.