რამდენად ჩართულები არიან აჭარაში მოქალაქეები თვითმმართველობის საქმიანობაში

680

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოსახლეობის მონაწილეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად, პეტიციის წარდგენაა განსაზღვრული. ანუ, ადამიანებს უფლება აქვთ, მოიწვიონ საკრებულოს სხდომა, გამართონ დასახლების საერთო კრება, ჩაერთონ ბიუჯეტის შემუშავებისა და განხილვის პროცესში. მუნიციპალიტეტში უნდა ფუნქციონირებდეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. თანამდებობის პირები კი მათი საქმიანობის საჯაროობას, ანგარიშის წარდგენის სახით უნდა უზრუნველყოფდნენ. ეს, კოდექსით მათი ვალდებულებაა. რა პრაქტიკა გვაქვს ამ კუთხით აჭარის რეგიონში, ანუ რამდენად იყენებენ თვითმმართველობები მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს? ამ ტემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

მედიის ცნობით, მათ მიერ გამოკითხული არც ერთი მოქალაქე თვითმმართველობაში არ მონაწილეობს. არადა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უფრო კონკრეტულად კი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 85-ე მუხლით, ეს მუნიციპალიტეტის პირდაპირი ვალდებულებაა. ანუ თანამდებობის პირებმა მოქალაქეების წინაშე მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინონ, გამართონ საჯარო შეხვედრები, საერთო კრებები. დოკუმენტის თანახმად, მოქალაქეებს აქვთ უფლება, ჩაერთონ ბიუჯეტის დაგეგმარებაში და წარადგინონ პეტიციები. რამდენად ასრულებენ, ამის მოკვლევას პარლამენტი იწყებს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი აჭარაში ერთ-ერთია, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი იგივე ვალდებულებებს აკისრებს. როგორც მერის მოადგილე გვეუბნება, მიმდინარე წელს ამ კუთხით 2  შეხვედრა გამართეს.  საჯაროდ ბიუჯეტის დაგეგმარება და სოფლის მხარდაჭერის პროგრამები განიხილეს. რამდენად ჩართულია მოსახლეობა თვითმმართველობაში? არჩილ ბარამიძე გვპასუხობს, რომ ვალდებულების კარგად შესრულებისთვის უწყებამ ჯილდოც კი მიიღო.

მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭო მუშაობს, მერი ხალხს ანგარიშსაც აბარებს,საკრებულოს წევრები გასვლით შეხვედრებს მართავენ,  საერთო კრებები ტარდება, თუმცა ბოლო 5 წლის ტენდენციით, საკრებულოს სხდომებს მოქალაქეები არ ესწრებიან. მცირეა იმ პეტიციების რაოდენობაც, რომელიც მოქალაქეების მხრიდან დარეგისტრირდა. 2017 -19 წლებში ასეთი სულ 7 ინიციატივა იყო. კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ ჩაატარა. მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ მოქალაქეთა თვითმმართველობაში მონაწილეობის მაჩვენებელი იდეალური არ არის და სამუშაოც ბევრია.

პარლამენტს რომ სამუშაო ბევრი აქვს, ამას ხაზს უსვამს თვითმმართველობის მკვლევარიც. მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეთა ჩართულობის ასამაღლებლად საკანონმდებლო ორგანომ მუნიციპალიტეტებს, ჯერ ფინანსური დამოუკიდებულებლობა უნდა მისცეს.

პარლამენტი მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხზე თემატურ მოკვლევას იწყებს. ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო არსებული ტენდენციის შესწავლას გეგმავს, პრობლემების და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში  რეკომენდაციებს შეიმუშავებს და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებებსაც განახორციელებს.