5 400 000 კვადრატული მეტრი ფართობის გზის საფარის შეცვლა მოხდა. ეს ნამდვილად დიდი მაჩვენებელია. წინა წლებს თუ შევადარებთ ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იქ არსებულ სირთულეებს ითვალისწინებენ.
„ვერც ერთ უბანსა და რაიონს ვერ გამოვყოფთ, ვინაიდან ყველა რაიონი ჩვენი პრიორიტეტი თანაბრადაა. ჩვენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ვითვალისწინებთ იქ არსებულ სირთულეებს, თუ რამდენად კრიტიკული მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სირთულეების აღმოფხვრაა. 5 400 000 კვადრატული მეტრი ფართობის გზის საფარის შეცვლა მოხდა. ეს ნამდვილად დიდი მაჩვენებელია. წინა წლებს თუ შევადარებთ, ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა. შეგვიძლია გამოვყოთ, რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის კახეთის გზატკეცილი, ჭავჭავაძის გამზირი, გლდანის რაიონში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩები, ასევე საბურთალოს რაიონში კანდელაკის ქუჩა, ისნის რაიონში არის ლეხ კაჩინსკის ქუჩა, ასევე ისნის რაიონში დაგეგმილი გვაქვს ქეთევან წამებულის სახელობის გამზირის სრული რეაბილიტაცია“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.