გულდასაწყვეტია, როდესაც დავასრულებთ პროექტს, ყველას მოგვწონს და ვხედავთ, რომ ადამიანთა ჯგუფი ამ ყველაფერს აზიანებს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი არ არის მხოლოდ კომპანიის გამოვლენა, დავალების მიცემა და შემდეგ დასრულებაზე მისვლა. ყოველდღიურად გვხდება გარკვეული პრობლემები, რომლებსაც დაუყოვნებლივ სჭირდება გადაწყვეტა, სსხვა შემთხვევაში გაჩერდება პროექტი და არიან თანამშრომლები, რომლებიც ფიზიკურად არიან ამ სამუშაოებში ჩართულები. ასევე კომპანიები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ამ სამუშაოებს.
მან ასევე ისაუბრა ვანდალიზმის ფაქტებზე.
„ეს ძალიან გულდასაწყვეტია. როდესაც თითოეული ეს ადამიანი უშუალოდ ჩართულია ამ სამუშაოებში, დავასრულებთ პროექტს, ყველას მოგვწონს და 1 კვირის, 1 თვის თავზე ვხედავთ, რომ ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ამ ყველაფერს აზიანებს. მინდა ასეთ ადამიანებს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ეს არ არის მარტო ჩვენი გასაკეთებელი – ეს ქალაქი ყველასია, ყველას უნდა მივხედოთ და ყველამ ვიზრუნოთ ამ ქალაქზე“ – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.