ბენდელიანი: აბრეშუმის მუზეუმი ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისთვის

462

აბრეშუმის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე მოხდა ეზოს ინფრასტრუქტურის შეცვლა, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვგულისხმობ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისი თქმით, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია 3 300 000 ლარი ჯდება.

„ვინც აბრეშუმის მუზეუმში ერთხელ მაინც არის ნამყოფი, იცის რეგიონის მასშტაბით რაოდენ უნიკალურია ის, იქ დაცული ნიმუშებიდან გამომდინარე. მართლა ცუდ მდგომარეობაში იყო, გადარჩენას საჭიროებდა ეს შენობა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება. 3 300 000 ჯდება ამ პროექტის განხორციელება. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პროექტის დაფინანსებაში ჩართულია ფრანგული მხარეც, რისთვისაც მინდა, მათ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა. მიმდინარეობს სამუშაოები და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით წელიწადნახევარში ეს სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული და ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ასევე, არ შემიძლია არ ვთქვა თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ შენობაზე, ე.წ. კადეტთა კორპუსზე, რაც ასევე დიდი ისტორიის მქონე შენობაა. იქ დაახლოებით 90-მდე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ცხოვრობს ხმამაღლა ნათქვამია, ვინაიდან ამ შენობის დიდი ნაწილი ჩამოშლილი იყო და ამ ხალხს წლების განმავლობაში ქირით უწევდა ცხოვრება. იქაც მიმდინარეობს სამუშაოები და მომდევნო წლის ბოლოსთვის გვაქვს დაგეგმილი, რომ სრულიად ახალი, განახლებული კიდევ ერთი ლოკაცია შევმატოთ ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.