სრულიად ახალი, ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობას ვიწყებთ უახლოეს პერიოდში. ხელშეკრულება გაფორმებულია. ამ პროექტის ბიუჯეტი 28 მილიონი ლარია. დაწყებიდან ორ წელიწადში სრულად დამთავრდება სამუშაოები. ეს ხიდი იქნება სატრანსპორტო გადაადგილების მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი. ეს უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხიდი, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
„გზაგამტარებისა და ხიდების რეაბილიტაციის მიმართულებითაც დიდი სამუშაოები განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. 10 ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მოეწყო ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი, ორდონიანი საავტომობილო გზაგამტარი. იქ იყო მუდმივად საცობი, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ იქ საცობის პრობლემა აღარ არსებობს. ანალოგიური მდგომარეობა გვქონდა სარაჯიშვილისა და გელოვანის დამაკავშირებელი ქუჩების კვეთაზე. იქაც გაკეთდა ორდონიანი საავტომობილო კვანძი და იქაც ანალოგიურად მოგვარდა პრობლემა. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახუშტი ბაგრატიონის ხიდს. ტექნიკური თვალსაზრისით იქ, ერთ-ერთი ყველაზე რთული მდგომარეობა იყო. ასევე მდინარე გლდანულაზე, სარაჯიშვილის გამზირზე ჩატარდა ხიდის რეაბილიტაცია, რეალურად ეს ხიდი მთლიანად დაიშალა და ახალი აშენდა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.