თბილისის მერის მოადგილე: ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვისას ჩვენი პრიორიტეტია, რომ მოსახლეობას რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ

573

ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვისას ჩვენი პრიორიტეტია, რომ მოსახლეობას რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

„როდესაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვა, ჩვენ რამდენიმე ფაქტორს ვიღებთ მხედველობაში. პრიორიტეტია, რომ ამ სამუშაოების ჩატარების შედეგად მოსახლეობას რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ, როგორც გადაადგილების, ასევე ხმაურის კუთხით. კახეთის გზატკეცილი მაგალითად, უფრო მარტივი იყო, როგორც დროის თვალსაზრისით, ასევე სამუშაოს შესრულების ნაწილში. ჩვენ არ ჩავკეტეთ ის სრულად, რადგან ასეთ შემთხვევაში მივიღებდით სრულ სატრანსპორტო კოლაფსს, რადგან უამრავი მანქანა გადაადგილდება ამ გზატკეცილზე. პირველ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სათადარიგო ზოლები, რომლებზეც გავლა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, პირველ რიგში გაკეთდა ეს სათადარიგო ზოლები და ცენტრალური გზის რეაბილიტაციის დროს, მოძრაობა გადავიდა ამ ზოლებში. თუ კი სამუშაოები ხანგრძლივდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები დსიკომფორტი შევუქმნათ მოსახლეობას. ჭავჭავაძის გამზირიც არ ჩავკეტეთ, მონაკვეთებად ჩაიკეტა. მოსახლეობის დამოკიდებულებაც შეცვლილია, თუნდაც ჭავჭავაძეზე, როდესაც 24 საათი მიდიოდა მუშაობა, რომელიც იწვევდა ხმაურს, საზოგადოება ამას გაგებით შეხვდა. თავადაც ხედავდნენ რა სამუშაო მიდიოდა იქ და მე მინდა ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ასეთი გვერდში დგომისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.