გეგმა გვაქვს ასეთი, რომ დაახლოებით ორ თვეში, ორ თვენახევარში მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აღვადგინოთ. ბუნებრივია, ჩვენც გვეჩქარება, რომ აღდგეს საავტომობილო მოძრაობა, თუმცა პირველი ფაქტორია, რომ ის იყოს გადაადგილებისთვის უსაფრთხო, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი თქმით, მაჭავარიანის ქუჩაზე და მის მიმდებარედ პირველი ეტაპის სამუშაოები წარმატებით შესრულდა და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„რაც შეეხება მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ რამდენიმე თვის წინ დაწყებულ მეწყრულ პროცესებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის სტაბილიზაციაში მყოფი მეწყერული არეალი. როგორც კი მოხდა ამ პროცესების გააქტიურება და გაჩნდა პირველი ნაპრალები, იმ წუთიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე შეგვეზღუდა, სრულად აგვეკრძალა გადაადგილება მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. დაუყოვნებლივ მივიღეთ 24 საათიანი მონიტორინგის გადაწყვეტილება, რათა გვენახა, რა სისწრაფით პროგრესირებდა ეს ნაპრალები. ამ ლოკაციაზე მოხდა უკვე მუდმივი მონიტორინგის შესაბამისი სპეციალური სისტემის დამონტაჟება და შეგვიძლია, რომ მუდმივ რეჟიმში გავუწიოთ მონიტორინგი იმ კონკრეტულ არეალს. ასევე იქ ჩატარდა პირველი რიგის სამუშაოები. ბუნებრივია, როდესაც ამხელა მასშტაბისა და სირთულის მეწყერთან გვაქვს საქმე, იქ ვერ დავიწყებდით თვეობით პროექტების კეთებას, დაუყოვნებლივ იყო ქმედითი ნაბიჯები გადასადგმელი. პირველი ეტაპზე ჩვენი გერმანელი კოლეგებისა და ჩვენი ექსპერტების ჩართულობით მოხდა სამუშაო ჯგუფის შექმნა და იმ გადაწყვეტილებების მიღება, რაც პირველ ეტაპზე დაუყოვნებლივ უნდა განხორციელებულიყო. პირველი ეტაპის სამუშაოები წარმატებით შესრულდა და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეწყერის ქვედა ნაწილში, მაჭავარიანის ქუჩაზე გადის სამი მაღალი წნევის მაგისტრალური წყალსადენის მილი, რაც ქალაქს წყლით ამარაგებს. რეალური საფრთხე იყო იმისა, რომ ამას საფრთხე შექმნოდა, რაც სხვა სახის პრობლემაში გადაიზრდებოდა და დედაქალაქის წყალმომარაგება უკვე გრაფიკით მოგვიწევდა, თუმცა დაუყოვნებლივმა რეაგირებამ და პირველმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო, იქ არანაირი საფრთხე არ არის. ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით უკვე დეტალურ პროექტს, რომლის მიხედვითაც დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები, რათა ის ლოკაცია წლების განმავლობაში იყოს უსაფრთხო. გეგმა გვაქვს ასეთი, რომ დაახლოებით ორ თვეში, ორ თვენახევარში მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აღვადგინოთ. ბუნებრივია, ჩვენც გვეჩქარება, რომ აღდგეს საავტომობილო მოძრაობა, თუმცა პირველი ფაქტორია, რომ ის იყოს გადაადგილებისთვის უსაფრთხო“, – განაცხადა ირაკლი მაჭავარიანმა.